კუპრაშვილი ნინო (გოგუცა) ნიკოლოზის ასული

ნ. კუპრაშვილი 
ნ. კ უ პ რ ა შ ვ ი ლ ი
ვახუშტის როლში.
"ნაცარქექია", რეჟისორები:
გ. ნახუცრიშვილი და გ. გამრეკელი

კუპრაშვილი ნინო (გოგუცა) ნიკოლოზის ასული (15. IV. 1908, ცაგერი – 21. IX 1983 თბილისი), თეატრის მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1955). 1927 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიასთან არსებული დრამ. ფაკ-ტი (ხელმძღვ. კ. მარჯანიშვილი და ა. ფაღავა). 1926, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, მსახიობად მიიწვიეს რუსთაველის თეატრში. ამავე თეატრის სცენაზე კ-მა განასახიერა პატარა ბიჭი (ფ. შილერის „ვილჰელმ ტელი“), ფორთოხლის გამყიდველი (ნ. შიუკაშვილის „ამერიკელი ძია“), მომღერალი (ვ. ბილ-ბელოცერკოვსკის „საჭე მარცხნივ“) და სხვ. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა მუშათა თეატრში (1927–28), ექსპერ. საბავშვო თეატრში (1927). ამ თეატრებში განსახიერებული როლებია: მაყურებელი ბიჭი (ზ. ანტონოვის „ქმარი ხუთი ცოლისა“), ილო (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ტომი (მარკ ტვენის „ტომ სოიერი“), პატარა ჯონი (ს. ზაიაცკის „რობინ ჰუდი“) და სხვ. 1928–75 მუშაობდა თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში (არის მისი ერთ-ერთი დამაარსებელი). აქ განხორციელებული როლებიდან აღსანიშნავია: ვახუშტი (გ. ნახუცრიშვილის და ბ. გამრეკელის „ნაცარქექია“), ვანჯო (ა. კაჭკაჭიშვილის „პარტიზანები“), ძიძა, კატარინა (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „ჭირვეულის მორჯულება“), მარინე (ქ. ქუჩუკაშვილის „ზამთრის ზღაპარი“), თენგიზი (კ. გოგიაშვილის „ალუბლები ყვავიან“), გრიშუტკა (ვ. დარასელის „კიკვიძე“), და სხვ.

კ-ის სამსახიობო ოსტატობის ინდივიდუალობა გამოიხატებოდა ხალისიანი, ტემპერამენტიანი ბიჭუნების (ე. წ. ტრავესტი) როლების წარმატებით შესრულებაში. მხატვრული სახეების მისეული განხორციელება ხასიათდებოდა სიღრმისეული გააზრებითა და შთამბეჭდავი გამომსახველობით.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.