კურული

კურული, კუროსთან, ხართან ჭიდაობა, თამაშად ქცეული რიტუალი, რომელიც დიდ სახალხო-რელიგიურ დღეობებზე იმართებოდა. ძირითადად დამოწმებულია დას. საქართველოს მთისა და ბარის მოსახლეობაში. სამეგრელოში იმართებოდა კვირაობით. სოფლის მოედანზე გამოჰყავდათ საგანგებოდ გაწვრთნილი ხარი, მიაბამდნენ მოედნის ცენტრში ჩასობილ პალოზე და 2 კაცი, გარკვეული წესების დაცვით, აღიზიანებდა მას. შემდგომ გახელებულ ხარს აუშვებდნენ და ერთ-ერთი იწყებდა მასთან ბრძოლას. კ-ს მიზანი იყო ხარის დაძლევა, შეკვრა და წაქცევა. საღამოს იმავე ადგილას იმართებოდა ფალავანთა ჭიდაობა. სვანეთში ასეთი ხარების ჭიდაობით იწყებოდა დიდი ღმერთის (ხოშაღერმეთ) დღესასწაულთა ციკლი „უფლიშიერი“, რ-იც თომას კვირას (კვირაცხოვლობა) დგებოდა და 5–6 კვირა გრძელდებოდა. ამ დღეს „ლასკარებს“ (სამეზობლოებს) ან ცალკეულ თემებს გამოჰყავდათ სოფლის სალოცავის სახელზე შეწირული კუროები ან რჩეული ხარები, რ-ებსაც არაყს დაალევინებდნენ, გაახელებდნენ და რიგ-რიგობით მიუშვებდნენ ერთმანეთზე. ორთაბრძოლის შემდეგ შეთქმულ ხარს (უსხები) დაკლავდნენ და სათემო ნადიმზე ხორცის ნაჭრებს სათითაოდ ჩამოარიგებდნენ. ხორცი იქვე უნდა შეჭმულიყო, მისი შინ წაღება იკრძალებოდა. ხარების ჭიდაობა გურიაში, აჭარასა („ბუღების ჭედილა“) და რაჭაში სცოდნიათ, მაგრამ რელიგიურ-საკულტო მნიშვნელობით მხოლოდ სვანეთში იყო შემორჩენილი.

კ-ში არეკლილია ხართან დაკავშირებული უძველესი რწმენა-წარმოდგენები, რ-ებიც გავრცელებული იყო აღმოსავლეთში, კავკასიაში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებში. ყურადღებას იქცევს ძვ. კრეტის მხატვრობა, სადაც გამოსახულია ხართან ბრძოლა, რ-იც მეტად პოპულარული ყოფილა და რელიგ.-საკულტო ცერემონიალში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რიტუალად ითვლებოდა. მომდევნო ხანებში ხართან ბრძოლამ თანდათან დაკარგა პირვანდელი შინაარსი და შუა საუკუნეებში ფეოდალთა საყვარელ გასართობ სანახაობად იქცა. მისი თანამედროვე ფორმებია სამხრ. ევროპისა და ლათ. ამერიკის ქვეყნებში გავრცელებული კორიდა.

ლიტ.: აბაკელია ნ., სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბ., 1997; Бардавелидзе В. В., Главное божество древнегрузинского пантеона Гмерти, Вопросы этнографии Кавказа, Тб., 1952.

ი. სურგულაძე