დულჩერტი, დ უ ლ ჩ ე რ ი (Dulcerti) ანჟელინო, XIV ს. გენუელი კარტოგრაფი, მუშაობდა კატალონიელებთან.
მისი პორტოლანი 1339 თარიღდება და უხვ მასალას შეიცავს მსოფლიოს ქვეყნების დროშების შესახებ. დ-ს პორტოლანზე გამოსახული ფაქტობრივად ყველა დროშა აღნიშნავს რომელიმე ქვეყანას, მხარეს ან ქალაქს. დროშების მეშვეობით ზუსტად არის შემოსაზღვრული ცალკეული ქვეყნების ტერიტორიები და კონკრეტული ქვეყნების თუ ქალაქების მიერ დაპყრობილი ან თავისი გავლენის ქვეშ მოქცეული მიწები.
საქართვ. სახელმწიფოსთან დატანილია ორი ხუთჯვრიანი დროშა. სებასტოპოლისთან ანუ სოხუმთან აღმართულია ერთი ხუთჯვრიანი დროშა, რ-ის მეორე ნახევარზე ემატება თეთრ და მოლურჯოზოლებიანი ალამი. გიორგი ბრწყინვალეს ამ დროისათვის დას. საქართველო უკვე შემოერთებული ჰქონდა. მაგრამ არ არის გამორიცხული, დროშის ეს მეორე ნაწილი ერთიანი საქართველოს შიგნით დას. საქართვ. გარკვეულ ავტონომიურობაზე მიუთითებდეს.
მეორე ხუთჯვრიანი დროშა აღმართულია ქ. თბილისის აღმნიშვნელი მოზრდილი ციხესიმაგრის გამოსახულებაზე. დროშების მეშვეობით მოხაზულია საქართვ. სახელმწ. საზღვრები. ამ ხუთჯვრიან დროშებს ჩრდიდან ემიჯნებიან ოქროს ურდოს სახელმწ. წითელი სიმბოლიკის მქონე დროშები. სამხრ.-დასიდან ხუთჯვრიან წითელ დროშებს საზღვრავს ტრაპიზონის ორთავიანი არწივი, ხოლო სამხრ-იდან – ილხანთა სახელმწ. დროშები.
ვერტიკალურად დატანილი ლიხის ან კავკასიონის მთის დას-ით, მარცხნივ, ქვემოთ, გაკეთებულია წარწერა: „Georgiania" (საქართველო). ეს წარწერა გულისხმობს საქართველოს მთელ ტერიტორიას. მესამე წითელი ხუთჯვრიანი დროშა მცირე აზიაში, ქალაქ სევასტიის თავზეა და ერთგვარად სოლივით არის შეჭრილი ტრაპიზონის იმპერიის და ილხანთა სახელმწ. საზღვრებს შორის, შემდეგ კი ემიჯნება თურქეთს.
ეს დროშები მონღოლთა და ქართველთა, ჩობან ნოინის და გიორგი ბრწყინვალის მიერ მცირე აზიაზე მოწყობილი ერთობლივი ლაშქრობის გამოძახილი უნდა იყოს.
ლიტ.: თ ვ ა რ ა ძ ე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII– XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი დ. სახელმწიფო დროშა შუა საუკუნეებში, «ლიტერატურული საქართველო », 1998, 13–20 მარტი; Portulane, Seekarten vom 13. bis zum 17. Jahrhundert, hrsg. von Monique de la Ronciere und Michel Mollat du Jourdin, Münch., 1984.
ა. თვარაძე