კუხეთი, ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. ტერიტორიულად მოიცავდა მდ-ების – არაგვისა და მტკვრის მარცხ. სანაპიროს ჟინვალიდან გარეჯის უდაბნომდე. ცენტრი – ქ. რუსთავი. ცნობილია აგრეთვე სხვა ცენტრებიც – კაწარეთი და ბოდბე. გადმოცემით, მეფე ფარნავაზ I-ის (ძვ. წ. III ს.) დროს კ. კახეთთან ერთად ერთ საერისთავოს წარმოადგენდა. შემდგომშიც იგი ადმინისტრაციულად კახეთთან იყო დაკავშირებული, თუმცა გარკვეულ პერიოდებში ცალკე საგამგებლოც ყოფილა. VIII ს. 80-იან წლებში კ., როგორც საერისთავო, ახალწარმოქმნილ კახეთის სამთავროში შევიდა. არის მონაცემები, რომ X– XI ს-ში კ-ის ნაწილი ქ. რუსთავიანად თბილ. საამიროში შედიოდა. კ. წყაროებში უკანასკნელად მოიხსენიება XII ს-ში, ამჯერად – როგორც გეოგრ. ცნება. XV ს. ბოლოს კი ყოფილი კ-ის ტერიტორია უკვე კახეთად იწოდება. გადმოცემის თანახმად, ქართველთა განმანათლებელმა წმ. ნინომ კაწარეთში ქრისტიანობაზე მოაქცია კუხელები. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, წმ. ნინო ბოდბის მონასტერშია დაკრძალული, სადაც მისი საფლავი დღემდეა შემონახული.
ლიტ.: მუსხელიშვილი დ., კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII–XIII სს., „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, 1967, [ტ] 3; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1IV, თბ., 2021; ჯავახიშვილი ივ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2, თბ., 1983.
დ. მუსხელიშვილი