გალავანი

გალავანი, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), საგურამოს ვაკეზე, მდ. თეზმის (არაგვის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ბიწმენდი, ბურიანი, ზაქარო, კოტორაანთკარი, ნავდარაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, ჭილაანთკარი), ზ. დ. 750 მ, მცხეთიდან 14 კმ. 503 მცხ. (2014).

სოფლის ძველი სახელია ბოკოწინი. „გალავანი“ ეწოდა XIX ს. ბოლოს იქ შემორჩენილი XVIII ს. ციხე-გალავნის მიხედვით (ააშენეს 1749 ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ). ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ბოკოწინს ასახელებს ხერკის, ანუ საგურამოს სოფელთა სიაში. 1865 სოფელი თავისი 15 კომლი ქართველი მოსახლით შევიდა დუშეთის უბნის ჭოპორტის სასოფლო თემში.

ციხე-გალავანი რიყის ქვით ნაშენი, გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა. სამხრ.-აღმ-ით შემორჩენილია რიყის ქვითა და აგურით ნაგები ცილინდრული კოშკის ნაწილი. გალავანს ჰქონდა სათოფურები და საბრძოლო ბილიკები. გალავნის აღმ. კედლის შუა ნაწილში ჩაშენებულია რიყის ქვით ნაგები ერთნავიანი ეკლესია. გარედან ეკლესიის კედლების ქვედა რიგები და კუთხეები მოყვითალო თლილი ქვის კვადრებითაა ამოყვანილი. ძეგლი დაზიანებულია, შესასვლელი დას-იდან აქვს. ფასადებს ამკობდა ლავგარდანი.

ჯ. გვასალია

შ. საღარაძე