განახლება

განახლება, სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტის სარკინეთის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), გომარეთის პლატოს სამხრ.-დას. ნაწილში, ისტ. ზურტაკეტის ხეობაში (ქვემო ქართლი). ზ. დ. 1340 მ, დმანისიდან 27 კმ. 113 მცხ. (2014).

განახლება ეწოდა 1949; XIX ს-მდე ერქუშაანთსოფელი ერქვა. XIX ს-ში აქ დასახლდნენ თურქეთიდან მოსული ბერძნები, რ-ებმაც სოფელს ამბარლო დაარქვეს. შემონახულია ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლები: VII–VIII სს. ამაღლების ეკლესია და წმ. ელიას ეკლესია – „ელიაობა“. ეკლესიის სამხრ. კარის ბალავრის თავზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში მოცემულია მნიშვნელოვანი ისტ. ცნობები, რ-თა მიხედვით იგი 1032 არის აშენებული. გეგმით სწორკუთხედში ჩახაზული აფსიდით დამთავრებული ერთნავიანი ნაგებობის გადამხურავი კამარა საბჯენი თაღების მეშვეობით წყვილ პილასტრს ეყრდნობა. შემოსილია თლილი ქვით. აღმ. და დას. სარკმლებს ამკობს დეკორ. მორთულობა, რ-იც ადგილ. ოსტატების მიერაა შესრულებული. შენობას მთელ სიგრძეზე, სამხრ-იდან მიდგმული აქვს გვიანდ. მინაშენი, რ-ის კედლის ტლანქ წყობაში გამოყენებულია საფლავის ქვები და ძვ. კანკელის ფრაგმენტები.

ლიტ.: Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913.

დ. ბერძენიშვილი

ლ. რჩეულიშვილი