დოლიძე სიმონ (სიკო) ბესარიონის ძე (6. II. 1903, ოზურგეთი, – 17. VI. 1983, თბილისი), კინორეჟისორი და კინოდრამატურგი, ქართ. კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სსრკ სახ. არტისტი (1965). დაამთავრა თსუ-ის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (1925). იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო „სახკინმრეწვში" თავდაპირველად რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ – მხატვრული და დოკუმენტური ფილმების დამდგმელ რეჟისორად. 1928 კინოსტუდიაში ჩამოაყალიბა კინოქრონიკის სექტორი, რ-საც თვითონვე ხელმძღვანელობდა. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: „მიურსალის გარღვევა", „ოქტომბრის მე-12 წელი", „დღე ყარაჩაიში", „მიწის ძახილი" (ყველა 1929), „საბჭოთა ცეილონი" (1930), „ფშავეთი" (1932), „სახელოვანი გზა" (1946), „საბჭოთა საქართველო" (1952, რ. კარმენთან ერთად), „აყვავებული საქართველო" (1957) და სხვ. საინტერესოა დ-ის მიერ შექმნილი მხატვრული ფილმები: „ზვავთა მხარეში" (1931); „უკანასკნელი ჯვაროსნები" (მუნჯი – 1934, ხმოვანი – 1935); „დარიკო" (1936); „მეგობრობა" (1940); „ჯურღაის ფარი" (1944, დ. რონდელთან ერთად, სსრკ სახელმწ. პრემია, 1950), „ჭრიჭინა" (1954), „ეთერის სიმღერა" (1956), „ფატიმა" (1958), „დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (1959), „პალიასტომი" (1963), „შეხვედრა წარსულთან" (1966), „ქალაქი ადრე იღვიძებს" (1967), „სემირამიდას ბაღები" (1970), „გაქცევა გათენებისას" (1975), „კაცია-ადამიანი?!" (1979, ქ. დოლიძესთან ერთად); „კუკარაჩა" (1983, ქ. დოლიძესთან ერთად. საკავშირო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო ეკრანიზაციისათვის) და სხვ. დ-ის შემოქმედება გამოირჩეოდა იდეური მიზანდასახულობითა და მხატვრული ოსტატობით. დაწერა სცენარები მულტფილმებისათვის: „ჩხიკვთა ქორწილი" (1957), „სათაგური" (1965), „ბულბულის იუბილე" (1978) და სხვ. 1957–76 იყო საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: მოგონებები, თბ., 1984.
ლიტ.: Сико Долидзе. Рассказы о творческом пути (Лит. запись К. Церетели), М., 1968.
ა. გვენცაძე