დოლიძე თამარ (თათული) ნარიმანის ასული (დ. 24. II. 1952, თბილისი), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1981), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1999). 1972 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. საქართვ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. 1973-იდან შოთა რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობია. გამოირჩევა სცენური მომხიბვლელობით, საშემსრულებლო კულტურით, ფაქიზი გემოვნებით. შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ქეთევან ახატნელი (მ. ჯავახიშვილის „ქალის ტვირთი"), მერი (ნ. დუმბაძის „მე, ბებია ილიკო და ილარიონი"), დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანი?!"), ანო (თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის" (აღინიშნა ჯილდოთი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), გრუშე ვაჩნაძე (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე"), ადელა (გ. ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი"), ნატაშა, მარია (მ. შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე"), ჰერტრუდა, გონერელი [უ. შექსპირის „ჰამლეტი" (საქართვ. სახელმწ. პრემია), „მეფე ლირი"] და სხვ. გადაღებულია არაერთ მხატვრულ თუ სატელევიზიო ფილმში.