დვალი მერაბ ლეონიდეს ძე (დ. 1. I. 1950, თბილისი), ოფთალმოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1997). 1972 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1973–75 – მოსკოვის პირველი სამედ. ინ-ტის თვალის სნეულებათა კათედრის ორდინატორი; 1978–89 – მოსკოვის თვალის სნეულებათა საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მიკროქირურგიისა და რეკონსტრუქციული ქირურგ. განყ-ბის უმცროსი, შემდეგ – უფროსი მეცნ. მუშაკი. 1973–89 მოღვაწეობის პერიოდში 10 საავტორო მოწმობის და 12 რაციონალიზატორული წინადადების ავტორია. დ-მა 1974, ქართვ. ექიმთა შორის პირველმა გააკეთა კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია. 1981 დ-მა სსრკ-ში პირველმა დანერგა, რაც დღემდე წარმატებით გამოიყენება, სხვადასხვა მოდელის ე. წ. „ფაკიური" ლინზები მაღალი ხარისხის რეფრაქციის მანკების კორექციისთვის. 1985 მიენიჭა ,,მოსკოვის საუკეთესო რაციონალიზატორის" წოდება. 1989–97 ხელმძღვანელობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინ-ტის თვალის მიკროქირურგიის ლაბორატორიას. 1992–93 დ. მიიწვიეს ჩინეთის სახ. რესპუბლიკაში, სადაც წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოებულია ,,ხალხთა მეგობრობის საერთაშორისო ორდენით". 1999 დააარსა ამიერკავკასიაში პირველი ექსიმერული ლაზერის ცენტრი. მან მსოფლიოში პირველმა გამოიყენა ექსიმერული ლაზერი ბავშვებში, ერთდროულად – რეფრაქციის კორექციისა, ამბლიოპიისა („ზარმაცი თვალი") და სიელმის მკურნალობისთვის. 1995-იდან არის საქართვ. ოფთალმოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე, 1999-იდან – შპს თვალის კლინიკა „ახალი მზერის" დამფუძნებელი და გენ. დირექტორი. საქართველოში თვალის მიკროქირურგიის დანერგვა-განვითარებისთვის 2002 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. 1997–2005 თსსუ-ის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორია, 2005-იდან – თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი. დ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, გამოცემული აქვს სახელმძღვანელო „ოფთალმოლოგიის საფუძვლები" (თბ., 2010).