დმანისი

დმანისი, დ უ მ ა ნ ი ს ი, სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჭივჭავის თემში, ირაგის ქვაბულში, მდ. ასლანკის (ხრამის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1140 მ, თეთრიწყაროდან 15 კმ. 201 მცხ. (2002).

სოფლის შუაში შემორჩენილია IX–X სს. ერთნავიანი ეკლესია. სამხრ. და ჩრდ. ფასადებს მთელ სიგრძეზე გვიანდ. ხანის მინაშენები აქვს. სამხრ. მინაშენი სწორკუთხაა და შესასვლელიც აქედან ჰქონდა. ჩრდ. აფსიდიანი მინაშენი კარით მხოლოდ ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. ძეგლი ნაშენია უხეშად დამუშავებული ქვით, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები თლილი ქვითაა გამოყვანილი, ხოლო კარნიზი კბილანებითაა დამუშავებული. ტრაპეზის ქვაზე დიდი ზომის ჯვარია გამოსახული.

სოფლის განაპირას, სამხრ-ით, XVI–XVII სს. წმ. გიორგის ეკლესია დგას. ნაგებია მქისედ დამუშავებული ქვით. კარი მხოლოდ სამხრეთიდანაა. სოფლის აღმით, დაახლ. 1 კმ -ზე, დგას მცირე ზომის XVI–XVII სს. მოხდენილი ერთნავიანი ეკლესია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შიგნით და გარეთ შემოსილია სუფთად გათლილი ქვით. აღმ. ფასადზე ამოკვეთილია წარწერა: „ქრისტე შეიწყალე სული მიქელასი".

პ. ზაქარაია