დიასამიძე მიხეილ სტეფანეს ძე (11. IV. 1913, სოფ. გაღმა ვანი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 3. VI. 1992, ქ. კურსკი), საბჭოთა კავშირის გმირი (22. XII. 1942), გვარდიის პოლკოვნიკი. 1933 დაამთავრა სამხ. მეთაურთა სკოლა ბაქოში და ქ. ნოვოროსიისკში დაინიშნა 22-ე წითელდროშოვანი მსროლელი დივიზიის 65-ე პოლკის ოცეულის მეთაურად. 1937-იდან მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში, სადაც მეთაურობდა პოლკის სკოლასა და ბატალიონს. 1938 მონაწილეობდა იაპონელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ხასანის ტბასთან. II მსოფლიო ომის დროს სტალინგრადის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. 1958 ოფიცერ დ-ის ხელმძღვანელობით მეომრებმა ქ. კურსკის მახლობლად გააუვნებელყვეს ომის წლებში გერმ. ფაშისტების მიერ დანაღმული ველი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.
ტ. ჩინჩილაკაშვილი