დალი

დალი, ისტორიული მხარე აფხაზეთში, მდ. კოდორის ზემო წელ- ში. დ., რ-საც აფხაზეთის სვანეთსაც უწოდებენ, გეოგრაფიულად მკაფიოდ შემოსაზღვრული მხარეა. მას ჩრდილოეთიდან კავკასიონის მთავარი ქედის მონაკვეთი საზღვრავს, რ-საც გეოგრაფები პირობი- თად აფხაზეთის კავკასიონს ეძახიან. დ. ჩრდ.-დას-ით კავკასიონის მთავარი ქედის გვერდით შტოს – ჩხალთის ქედს, ხოლო აღმ-ით – სვანეთ-აფხაზეთის ქედს ემიჯნება. საკუთრივ კოდორის ხეობაში დ. ბაგადას ვიწროებამდე ვრცელდება.

დ-ის სოფლები მდ. კოდორის და მისი სათავეების – საკენისა და გვანდრის ნაპირებზეა განლაგებული. საკენის ხეობის ყველაზე მაღალი სოფელია საკენი, მის ქვემოთ მდებარეობს სოფ. ომარიშარა. მდ. გვანდრის ხეობაში გაშენებულია სოფ. გვანდრა, საკუთრივ მდ. კოდორის ნაპირებზე კი – სოფლები: მარჯვენა გენწვიში და მარცხენა გენწვიში , ზემო აჟარა და ქვემო აჟარა, ჩხალთა , მარჯვენა პტიშიდა მარცხენა პტიში , შაბათკვარა , ქვაბჩარა , ლათა და ზემო ლათა.

დ. არქეოლ. მონაცემებით ჯერ კიდევ ადრინდ. ბრინჯაოს ხანაში იყო დასახლებული. ამ დროიდან მის მოსახლეობას ქართველური მოდგმის ტომები (სვანები) შეადგენდნენ. ანტ. ხანაში იგი ეგრისის (კოლხიდის, ლაზიკის) სვანეთის საერისთავოში შედიოდა. VI–VII სს-ში დ. მისიმიანეთის სახელწოდებით ცალკე ადმ.-ტერ. ერთეულს წარმოადგენდა, რ-საც უშუალოდ ეგრისის (ლაზიკის) სამეფო კარი მართავდა. VIII–X სს-ში დ., როგორც სვანეთის საერისთავოს ნაწილი, აფხაზთა, ხოლო XI–XII სს-ში ერთიანი საქართვ. სამეფოში შედიოდა. დ-ის ხეობა მარუშიანთა საგვარეულოს ეკუთვნოდა.

XV ს. II ნახ-ში, ჩრდილოეთიდან განხორციელებული შემოსევების შემდეგ, დ. ქართ. მოსახლეობისაგან ნელ-ნელა დაიცალა და მათი ადგილი თანდათანობით ჩრდ. კავკასიიდან გადმოსულმა მთიელებმა დაიკავეს. ამის მიუხედავად მარუშიანთა საგვარეულომ დ-ში ხელისუფლება შეინარჩუნა, თუმცა თანდათანობით გააფხაზდა და მარშანიას (აფხაზურად – მაანის) გვარსახელი მიიღო.

XVII–XVIII სს-ში დ. მარშანიების საგვარეულოს გამგებლობაში და, ფაქტობრივად, სამთავრო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი იყო. ასეთი ვითარება XIX ს-ის დასაწყისში რუს. მიერ დას. საქართვ. დაპყრობის შემდეგაც დაახლოებით სამი ათეული წელი გაგრძელდა. 1837 მაისში რუს. ხელისუფლებამ დ. და წებელი (წებელდა) იარაღის ძალით დაიმორჩილა და იქ უშუალოდ რუსული მმართველობა შემოიღო. შეიქმნა წებელდის საბოქაულო, რ-შიც დ. გააერ- თიანეს. 1840–41 იფეთქა აჯანყებამ. რუს. ხელისუფლებამ აჯანყება ჩააქრო და დ-ის მოსახლეობა – 500 კომლი – წებელდაში გადაასახლა, თუმცა მათი ერთი ნაწილი მალევე უკან დაბრუნდა. დარჩენილ ტერიტორიებზე ჩრდ. კავკასიის მთიელები გადმოსახლდნენ. 1867, აფხაზთა ანტირუსული აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, რუს. ხელისუფლებამ დაიწყო ოსმ. იმპერიაში აფხაზების მასობრივი გასახლება (იხ. მუჰაჯირობა ), რის შემდეგაც დ. მოსახლეობიდან მთლიანად დაიცალა. XX ს-ის დასაწყისში დ-ში ხუთი საუკუნის წინ გამოძევებული ქართ. მოსახლეობა დაბრუნდა.

1921–91 დ. აფხ. ავტონ. რესპ. საზღვრებში იყო და თავდაპირველად სოხუმის, შემდეგ კი გულრიფშის რ-ნში შედიოდა. 1993- იდან, აფხაზეთში სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ, 15 წლის მანძილზე დ. აფხაზეთის ერთადერთი რეგიონი იყო, რ-იც საქართვ. ხელისუფლების იურისდიქციას ემორჩილებოდა. რუსე- თის აგრესიის შედეგად 2008 აგვდან დ. ოკუპირებულია რუს. ჯარების მიერ.

ლიტ.: Л а в р е н т ь е в, Статистическое описание Кутаисского генерал-губернаторства, СПб., 1858; М а е в с к и й В. Т., Кутаисская губерния. Военно-статистическое описание, Тфл., 1896.

თ. ბერაძე