დავით I

დავით I (გ. 21. X. 1602), კახეთის მეფე 1601–02, ალექსანდრე II-ის ძე, თეიმურაზ I-ის მამა. გამეფდა სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შემდეგ. მამა აიძულა ბერად შემდგარიყო; თავის ძმას, გიორგის, თავდაპირველად საუფლისწულო მამული მისცა, ხოლო შემდეგ დააპატიმრა, რადგან მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა. შეთქმულების 17 მონაწილე კი სიკვდილით დასაჯა. არეულობით ისარგებლა ნუგზარ არაგვის ერისთავმა და მეფეს განუდგა. დ. I-მა გამდგარი ერისთავი ისევ დაიმორჩილა და მძევლად შვილი ჩამოართვა. დ. I-ის მეფობის დროს კახეთში ჩამოვიდნენ რუსეთის სახელმწიფოს ელჩები ნაშჩოკინი და ლეონტიევი, რ-ებმაც დ. I-ს რუს. მეფის – ბორის გოდუნოვის ერთგულების "ფიცის წიგნი" მიაღებინეს. ელჩების კახეთში ყოფნის დროს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა.

დ. I-ს ეკუთვნის სპარსულიდან "ქილილა და დამანას" ქაშეფისეული ვერსიის დასაწყისის პროზაული ნაწილის ქართული თარგმანი. ტექსტში ჩართული ლექსები ან არ გადმოუღია, ან პროზად უთარგმნია. ვახტანგ VI-ის ცნობით, დ. I-მა ტექსტი თარგმნა "კუსა და მორიელის" არაკამდე. თარგმანი შემონახულია ორი ხელნაწერით.

ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე  ა., ანვარი სოჰაილის ანუ ქილილა და დამანას ქართული ვერსიები, წგ.: ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ. ] 1, თბ., 1945; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; თ ო დ უ ა  მ., „ქილილა და დამანას" საბასეული ვერსია, თბ., 1967; ხ უ ბ უ ა  მ., დავითისეული „ქილილა და დამანა" (A ვერსია), «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1946, ტ. 7, № 8.

ნ. ასათიანი