დემეტრაშვილი ნანა (ნათელა) ალექსანდრეს ასული

ნ. დემეტრაშვილი

დემეტრაშვილი ნანა (ნათელა) ალექსანდრეს ასული (19. IV. 1939, თეთრიწყარო, – 15. VIII. 2011), რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1983). 1963 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. 1963–64 რეჟისორად მუშაობდა თბილ. სანკულტურის თეატრში, 1964–67 – გორის გ. ერისთავის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრში. 1967–87 – სათავეში ედგა მესხეთის (ქ. ახალციხე) განახლებულ დრამ. თეატრს (1967–76 – მთ. რეჟისორი; 1976–87 – დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი). სპექტაკლები დადგა თბილ. ა. გრიბოედოვის სახ., ქუთ. ლ. მესხიშვილის სახ., ჭიათურის სახელმწ. დრამ. და რუსთავის დრამ. თეატრებში. დ-ის საუკეთესო ნამუშევრებია: კ. ვიტლინგერის „ვარსკვლავიდან ჩამოსული კაცი", ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე", ო. ჩხეიძის „თედორე", ა. გეწაძის „პაემანი ცაში" (სპექტაკლის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა მოსკოვში 1976), ფ. შილერის „ყაჩაღები", კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია", მოლიერის „ტარტიუფი", ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი". დ-ის სპექტაკლები (ა. გეწაძის „გზა, ყარამანს ქალი მოჰყავს", „წმინდანები ჯოჯოხეთში") წარმატებით დაიდგა კირჯალის (ბულგარეთი) დრამ. თეატრში. 1987–2007 დ. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში. მიღებული აქვს ს. ახმეტელის სახ. პრემია (2010) და სახელმწ. ჯილდოები.

შ. ცუცქირიძე