დავითაშვილი მერი შალვას ასული (13. III. 1924, თბილისი, - 17. II. 2014, იქვე), კომპოზიტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1979). შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1981). 1946 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1968–92 იყო საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. 1973–2007 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. კონსერვატორიაში. დ-ის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საბავშვო მუსიკას. მას ეკუთვნის საბავშვო ოპერები: „ქაჯანა" (ნ. ლომოურის მოთხრობის მიხედვით, 1965, დაიდგა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში, 1966), „ნაცარქექია" (1972, დაიდგა იქვე, 1979), საბავშვო ბალეტი „მზის ქორწილი" (1953), ასზე მეტი საბავშვო სიმღერა და სიმღერათა ციკლები (მ. შ. „დილა მშვიდობისა", 1952; „სათამაშოების სიმღერები", 1955; „ანა-ბანა", 1976; „საქართველოს მზე", 1983). დ-ის სიმღერები გამოირჩევა მელოდიურობით, ბავშვის სამყაროს ღრმა ცოდნით.
დ-ს შექმნილი აქვს მუსიკა 50-ზე მეტი დრამ. სპექტაკლისათვის, 40-ზე მეტი კინოფილმისა (მ. შ. „მანანა", 1958; „პაპა გიგია", 1960) და მულტფილმებისათვის: „ჩხიკვთა ქორწილი", 1958; „წუნა და წრუწუნა", 1960. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997). თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).
გ. ტორაძე