დავითაშვილი მარიამ (მერი) პეტრეს ასული [1 (14). XI. 1907, სოფ. მელაანი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 4. VIII. 1975, თბილისი], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1960). 1921-იდან მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1926 დაამთავრა ა. ფაღავას დრამ. სტუდია და მცირე ხნით მუშაობდა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრში, 1927-იდან მოღვაწეობდა თბილ. მუშათა თეატრში, ხოლო 1928-იდან გარდაცვალებამდე – კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში. სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა თავისი ხალასი არტისტიზმით, უშუალობით, სისადავითა და გულწრფელობით. ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს: ხორეშანი („კაცია-ადამიანი?!" ი. ჭავჭავაძის მიხედვით), ანა (ლ. ლეონოვის „შემოსევა"), ტუანეტა (მოლიერის „ეჭვით ავადმყოფი"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი"), ნიმფა (მ. ბარათაშვილის „ჩემი ყვავილეთი"), კატინა და ქაბატო (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" და „ხანუმა"), პეპელა (გ. მდივნის „ვარდო"), ქარმიანა (უ. შექსპირის „ანტონიოს და კლეოპატრა"), ეფემია (ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"), ჰორტენზია (კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი"). საოცარი სიმსუბუქით ქმნიდა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ სახეებს. კინოში შესრულებული აქვს როლები: ქაბატო („ქეთო და კოტე", 1948), თიმსალ-მაკო („ბაში-აჩუკი", 1956), არჩილის გამზრდელი („ოთარაანთ ქვრივი", 1957), მარო („ნინო", 1959) და სხვ.
ა. გვენცაძე