დავითაშვილი გულბაათ ივანეს ძე (29. VII. 1902, ქუთაისი, – 3. II. 1982, თბილისი), ბალეტის სოლისტი, ბალეტმაისტერი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1960). 1919–22 სწავლობდა თბილ. კონსერვატორიაში. საბალეტო ხელოვნებას ეუფლებოდა ბერლინში (1922–24 ე. ნიკოლაევთან), პარიზში (1926–31 ო. პრეობრაჟენსკაიასთან). უცხოეთში ყოფნისას მოცეკვავედ და ბალეტმაისტერად მუშაობდა მონტე-კარლოს, „გრანდ ოპერისა" და ევრ. სხვადასხვა თეატრებსა და დასებში. როლები: მაკნატუნა (პ. ჩაიკოვსკის „მაკნატუნა"), მოცეკვავე (მ. რაველის „ბოლერო", ნ. რიმსკი-კორსაკოვის „ესპანური კაპრიჩიო") და სხვ. 1954–55 ტაჯიკეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთ. ბალეტმაისტერი იყო. იქვე დადგა ყარა ყარაევის „შვიდი მზეთუნახავი" (1954); ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის მცირე თეატრში – მ. რაველის „ბოლერო", „ვალსი", „დაფნისი და ქლოე" (1959); თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში – ი. მოროზოვის „ექიმი აიბოლიტი" (1949), პ. სოგეს „მოხეტიალე კომედიანტები" (1968), ყარა ყარაევის „ჭექაქუხილის ბილიკით" (1972) და სხვ. ცეკვები დადგა აგრეთვე კინოფილმებში „მამლუქი", „ბაშიაჩუკი", „ფიროსმანი".
ა. ჩხეიძე