დავითაია ვახტანგ ვლადიმერის ძე

დავითაია ვახტანგ ვლადიმერის ძე (დ. 22. XII. 1934, სოფ. ძველი სენაკი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი), არქიტექტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1990), შოთა რუსთაველის სახ. ეროვნ. პრემიის ლაურეატი (1995), საქართვ. არქიტ. კავშირის თავმჯდომარე (1995–2000), არქიტ. საერთაშ. აკად. ნამდვ. წევრი (1994), რუს. არქიტ. და სამშ. მეცნ. აკად. საზღვარგარეთელი წევრი (1994), უკრაინის არქიტ. აკად. საპატიო წევრი (2000). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1958). მუშაობდა არქიტექტორად "საქქალაქმშენსახპროექტში" (1958– 62), 1964-იდან პედ. მოღვაწეობას ეწევა საქართვ. ტექ. უნ-ტში (1992- იდან – პროფესორი), 1992–2005 იყო არქიტ. გეგმარების კათედრის გამგე, 2005-იდან – არქიტ. გეგმარების მიმართულების ხელმძღვანელი, 1970–91 – არქიტ. ინ-ტის საპროექტო ბიუროს სტუდიის ხელმძღვანელი. ნამუშევრები: კავკასიის დამცველთა მემორიალი ყარაჩაი-ჩერქეზეთში (1968, ა. ჩიქოვანთან ერთად, მოქანდაკე გ. კალაძე; საქართვ. კომკავშირის პრემია, 1972); საერთაშ. ახალგაზრდული ცენტრი „მზიური ველი" ბაკურიანში (1982, გ. გეგელიასთან ერთად); მემორიალი „გამარჯვება" გორში და მემორიალი „გმირ მეზღვაურებს" ფოთში (1979; ორივე ობიექტისათვის მოქანდაკე ე. ამაშუკელთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია, 1982); მემორიალი „დიდება შრომას" ქუთაისში (1979, შ. ბოსტანაშვილთან ერთად, საქართვ. მინისტრთა საბჭოს, სახელმწ. პრემია „ხუთწლედის მატიანე", 1983); მემორიალი „ხსოვნის ტაძარი" სოფ. მუხრანში (1981, შ. ბოსტანაშვილთან ერთად, მხატვარი ე. ბურჯანაძე); „ხსოვნის კუბი" (1984, მოქანდაკე ვ. მელიქიშვილი) და სამხატვრო გალერეა (1977; ორივე შ. ბოსტანაშვილსა და გ. გეგელიასთან ერთად) სენაკში; „ალგეთის ბაზილიკა" სოფ. ტბისში (1983, მოქანდაკე გ. ჯაფარიძის მონაწილეობით); ხელოვნ. ცენტრი გულრიფშში (რეკონსტრუქცია-რეგენერაცია, 1988, შ. ბოსტანაშვილთან ერთად); პურის ქარხნები ვაზისუბანში (1989), თბილისის ზღვის უბანში (1988; ორივე შ. ბოსტანაშვილთან ერთად); საქართვ. კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში (1992); დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში (1995; მოქანდაკე ე. ამაშუკელი, საქართვ. სახელმწ. პრემია, 1996) და სხვ. დ. არის სოფიის მსოფლიო არქიტ. ბიენალეს „ინტერარქ-83-ის" და „ინტერარქ-85-ის" ლაურეატი, 1984, 1987 და 1990 წწ. საუკეთესო პროექტისა და 1986, 1989 წწ. საუკეთესო ნაგებობის საკავშ. კონკურსების ლაურეატი, საქართველოში არქიტ. პირველი ბიენალეს (1988) ლაურეატი. პერსონალური გამოფენები ჰქონდა თბილისში, აგრეთვე საბჭოთა კავშირისა და მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში. არის რიგი ქვეყნების არქიტ. ინ-ტების საპატიო წევრი და პროფესორი.

დ-ს შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ეროვნ. თავისებურებების ძიება და ხაზგასმა, თანამედროვე ორიგინ. კომპოზიციისა და ფორმის გამოყენება, არქიტ. ხერხებით მემორიალის იდეურ-აზრობრივი არსის მხატვრული განზოგადება. ავტორია თანამედროვე არქიტ. საკითხებზე დაწერილი შრომებისა.

თხზ.: არქიტექტურა. ოცნება და სინამდვილე, თბ., 2000; მონუმენტები. მემორიალები. მცირე არქიტექტურა, თბ., 2004; პროცესი, თბ., 2009.

ს. კინწურაშვილი

მ. მაისურაძე