გურული ვახტანგ შალვას ძე (დ. 2. I. 1953, სოფ. ქვედა საქარა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1999). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1976). 1981–2009 იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 2009-იდან საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორია. კითხულობს საქართვ. ისტ. (XIX ს.) ზოგად და არჩევით კურსებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი ქართ., რუს., უკრ. და გერმ. ენებზე. მისი თანაავტორობით გამოცემულია ორი სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის: „საქართველოს ისტორია. XX საუკუნე" (თბ., 2003) და „რუსეთის ისტორია. XIX საუკუნე" (თბ., 2003). გ. არის საქართვ. ისტ. VII– XI კლასების სახელმძღვანელოთა თანაავტორი.
თხზ.: ახალი ქართული სამხედრო დოქტრინის ისტორიიდან, თბ., 1998; საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1917–18, თბ., 1998 (თანაავტ. ა. სილაგაძე); ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორია. 1892– 1918, თბ., 1999; რუსეთთან ერთად და ურუსეთოდ, თბ., 2007; მეფე – მამა იოსებ სტალინის პოლიტიკური პორტრეტის შექმნის ცდა, თბ., 2008.