დგებუაძე გივი ანდროს ძე

დგებუაძე გივი ანდროს ძე (21. IX. 1929, თერჯოლა, – 15. IX. 2011, თბილისი), მეტალურგი. ტექ. მეცნ. კანდიდატი (1968). 1954 დაამთავრა მოსკოვის ფოლადის ინ-ტი. 1954–57 მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1957-იდან – ფ. თავაძის სახ. მეტალურგიის ინ-ტში (1973-იდან იყო ელექტროთერმიის ლაბორატორიის გამგე). დ-ის ძირითადი სამეცნ. ნაშრომები ეხება დახურული ელექტრული მადანაღმდგენი ღუმლების კონსტრუქციებს. 1980–84 მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული დახურული ღუმლის ახ. გეომ. პარამეტრები დაინერგა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა მძლავრ ელექტროღუმელში, აგრეთვე შეტანილ იქნა ინდოეთის ერთ-ერთი მეტალ. საწარმოს ორი ღუმლის პროექტში. დ-ის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა და წარმოებაში დაინერგა საწარმოო ნარჩენებისაგან ფოლადის ეფექტური განმჟანგველის (ფეროსილიკოალუმინი) მიღების ტექნოლოგია ალუმინ-თერმული პროცესით. 1994 ამ სამუშაოს შესრულებისათვის დ-ს მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და გამოგონებისა.