დადიანი ნიკო გიორგის ძე

ნ. გ. დადიანი

დადიანი ნიკო გიორგის ძე (დაახლ. 1764 – 25. II. 1834), ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1804). მამის გარდაცვალების (1799) შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოს სამთავროს გამგებლობის საქმეში. 1804 სამეგრელოს უმაღლესი საგამგეო საბჭოს წევრად დაინიშნა. 1805 მეთაურობდა რუსეთთან სამეგრელოს შეერთების საკითხზე რუსეთში წარგზავნილ დელეგაციას. აქტიურად იბრძოდა აფხაზეთში რუს. ორიენტაციის მქონე საფარ-ბეგის დასამკვიდრებლად და ასლან-ბეგის გასადევნად. 1810–23 ლეჩხუმის სარდალ-მოურავი იყო. მონაწილეობდა რუს.-ოსმ. 1806–12, 1828–29 და რუს.-ირანის 1826–28 ომებში. რუს. მთავრობას ეხმარებოდა იმერეთის 1810 და 1819–20 აჯანყებების ჩაქრობაში. წლების განმავლობაში ეკავა მსაჯულთუხუცესის (მდივანბეგთუხუცესი) თანამდებობა სამეგრელოს მთავრის კარზე. დაკრძალულია მარტვილის მონასტერში. მას ეკუთვნის ისტ. ნაშრომი „ქართველთ ცხოვრება" (1823–24), „დასტურლამა" (სამეგრელოს სამთავროს მართვა-გამგეობის განწესება), „მიმოსვლა ნიკოლაჲ დადიანოვისა" (დაწერილია რუსეთში ყოფნისას, ჩვენამდე არ მოუღწევია), დღიური (1824–34 წლებისა) და რამდენიმე ლექსი. „ქართველთა ცხოვრება" დ-მა შეადგინა, როგორც მშობლიური ისტ. სახელმძღვანელო. იგი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ორი წარმოადგენს „ქართლის ცხოვრების" და ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიის შემოკლებულ რედაქციას. მესამე ნაწილი კი ორიგინალურია, მოიცავს 1749–1823 ისტორიას და დაწვრილებით მიმოიხილავს დას. საქართველოს ამბებს.

დ. დაჯილდოებული იყო წმ. ანას I ხარისხისა და წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენებით.

თხზ.: დასტურ-ლამა, ი. მეუნარგიას გამოც., ტფ., 1897; ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962.

ლიტ.: ბ ა ხ ტ ა ძ ე  გ., ისტორიკოსი ნიკო დადიანი, «ა. ს. პუშკინის სახ. თბილისის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები », 1963, ტ. 17; კ ა კ ა ბ ა ძ ე  ს., იმერეთის მეფის დიდ სოლომონ I-ის მატიანე, შედგენილი ნიკოლოზ დადიანის ძის მიერ, წგ.: წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, წგ. 1, ტფ., 1914.

შ. ხანთაძე