კვარაცხელია ხვიჩა ბადრის ძე

ხ. კვარაცხელია

კვარაცხელია ხვიჩა ბადრის ძე (დ. 12. II. 2001, თბილისი), სპორტსმენი (ფეხბურთელი).

2012-იდან თამაშობდა თბილ. „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდსა და აკადემიაში. საკლუბო კარიერა დაიწყო „დინამოში“ (2017, ოთხი თამაში, ერთი გოლი), შემდეგ გამოდი­ოდა  „რუსთავში“ (2018−19; 18 თამაში, სამი გოლი), 2019-იდან კი −  მოსკოვის „ლოკომოტივსა“ (2019; შვიდი თამაში, ერთი გოლი) და ყაზანის „რუბინში“ (2019−22; 69 თამაში, 9 გოლი). „რუბინში“ მისი თამაშის სტილი გამოირჩეოდა სისწრაფით, დრიბლინგითა და მუდმივი მოძრაობით. იგი დასახელდა რუსეთის საფეხბურთო ლიგის საუკეთესო დრიბლიორად (საშუალოდ 16 დრიბლინგი თამაშში, 53% − შედეგიანი).

 უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კ. ბათუმის „დინამოში“ გადავიდა (2022, 11 მატ­ჩი, 8 გოლი).  მისმა  თამაშმა  მკვეთრად გაზარდა ინტერესი ფეხბურთის მიმართ,  რამაც განაპირობა სტადიონის მაყურებლით გავსება. იმავე წლის სეზონის დასაწყისში კ. იტალიის კლუბ „ნაპოლის“ რიგებში ჩაირიცხა, სადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლ. სპალეტიმ მას მარცხენა გარემარბის ადგილი მიუჩინა. კ-ს თამაშმა გულშემატ­კივრებისა და სპეციალისტების  აღფრთოვანება და დიდი ინტე­რესი გამოიწვია; მას მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს.    2022−23 კ. სეზო­ნის  იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული (30 თამაშში გაიტანა 12 გოლი, გააკეთა 13 საგოლე გადაცემა და გამოიმუშავა 4 თერთ­მეტმეტრიანი) გახდა. ჩემპიონთა ლიგაში ჩაატარა 17 მატჩი (2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა, ერთი თერთმეტმეტრიანი). იგი სამჯერ დასახელდა იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად.  „ნაპოლის“ შემადგენლობაში (2022−25) სულ ჩაატარა 107 მატჩი (30 გოლი,  29 საგოლე გადაცემა). 2024-25 წლების შუა სეზონში გადავიდა პარიზის პსჟ-ში, რ-ის შემადგენლობაში ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (2025−26). საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში ჩაატარა 47 მატჩი (12  გოლი, 8 საგოლე გადაცემა), ჩემპიონთა ლიგაზე (2024−26 სეზონები)  ითამაშა 25 მატჩი  (13 გოლი, 7 საგოლე გადაცემა). დასახელდა ჩემპიონთა ლიგის 2025-26 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. არის უეფას სუპერთასის გამარჯვებული და გოლის ავტორი პსჟ-ს შემადგენლობაში (2026).

საქართველოს ნაკრებში იასპარეზა: 17 წლამდე  ნაკრებში − 21 მატჩი (15 გოლი); 19 წლამდე  ნაკრებში − 7 მატჩი (3 გოლი); 21 წლამდე ნაკრებში − 2 მატჩი (1 გოლი); ეროვნულ  ნაკრებში − 50 მატჩი (19 გოლი, 10 საგოლე გადაცემა). საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე (4 მატჩი, 1 გოლი), სადაც ნაკრებმა დასძლია ჯგუფური ეტაპი. ნაქართველოს ნაკრების კაპიტანი (2026).

ლიტ.: კეკელიძე გ., ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი, თბ., 2023; Giulianelli E., Kvaradona. Un miracolo georgiano, Fandango Libri, 2023.