ლომთათიძე ალექსანდრე სპირიდონის ძე [25. V. 1882, სოფ. მშვიდობაური, ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრა (ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), – 1924 ტაშკენტი,)], პოლიტიკოსი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწავლობდა სოფ. ბახვის ორკლასიან სასწავლებელში. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილ. მეორე გიმნაზიაში და იქიდანვე ჩაება მარქსისტული წრეების საქმიანობაში. უმაღლ. განათლების მისაღებად ჩაირიცხა ხარკოვის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ზე. თანამშრომლობდა ქართ. პერიოდულ გამოცემებთან. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრ. მუშათა პარტიის ,,მენშევიკების ფრაქციის“ წევრი. 1913 გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიპციგში. იმავე წელს დაბრუნდა თბილისში და შეუდგა პედ. მოღვაწეობას. არჩეული იყო თბილ. საბჭოს ხმოსნად, 1917 ნოემბერში კი რსდმპ მენშევიკური ფრაქციის სიით – რუს. დამფუძნებელი კრების წევრად. თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო სრულიად რუს. საბჭოების ყრილობის დელეგატი, თბილ. მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრ. კომიტეტის წევრი. 1917 ნოემბერში ლ. აირჩიეს საქართვ. ეროვნ. საბჭოს წევრად. 1918-იდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წ. 26 მაისს ლ-მ ეროვნ. საბჭოს წევრის რანგში ხელი მოაწერა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 ოქტომბრიდან არის საქართვ. პარლამენტის წევრი, 1919 თებერვლიდან – თბილ. საბჭოს ხმოსანი, ასევე – საქალაქო საბჭოს თავ-რე.
1919 თებერვალში აირჩიეს სოციალ-დემოკრ. პარტიის სიით საქართვ. დამფუძნებელი კრების წევრად, ხოლო 12 მარტს – კრების პრეზიდიუმის წევრად და თავ-რის მოადგილედ (უფროს ამხანაგად). დამფუძნებელი კრების თავ-რის ნ. (კარლო) ჩხეიძის ევროპაში ხანგრძლივად ყოფნის პერიოდში, ფაქტობრივად, მის მოვალეობას ასრულებდა. 1921, საბჭ. რუსეთის მიერ საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, მთავრობას არ გაჰყვა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წ. 13 ივლისს ლ. დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1923 წ. 20 მარტს კი ეტაპით გაგზავნეს სუზდალის პოლიტიზოლატორში, საიდანაც სოფ. ლაპაშინოში (მარიის ავტონ. ოლქი) გადაასახლეს, ხოლო შემდგომ – ჩუვაშეთის ავტონ. ოლქში. მძიმე ავადმყოფობის გამო საშუალება მისცეს საცხოვრებლად ტაშკენტში გადასულიყო. საქართველოში მომხდარი 1924 აგვისტოს აჯანყების შემდეგ ლ. ტაშკენტში კვლავ დააპატიმრეს. გარდაიცვალა ციხეში. დაკრძალეს ტაშკენტის ქრისტ. სასაფლაოზე.
1994 ლ-ის პირადი არქივი (57 ერთეული) კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტს (ახლანდ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი) გადაეცა.
სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განმტკიცებისთვის საქართვ. პარლამენტმა ლ. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა (2023).
2023 წ. 26 მაისს ლ-ის ნეშტი საქართვ. მთავრობამ უზბეკეთიდან თბილისში გადმოასვენა. სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართა წმ. სამების საკათედრო ტაძარში. 28 მაისს ლ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
ლიტ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია ლექსიკონი, თბ., 2018; ხვადაგიანი ი., საქართველოს დამფუძნებელთა კრება, 1919, თბ., 2016.
პ. სურგულაძე