თაყაიშვილი სესილია დიმიტრის ასული (17. IX. 1906, ბათუმი, – 21. V. 1984, თბილისი), მსახიობი, რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელი. საქართვ. (1950) და სსრკ (1966) სახ. არტისტი. შოთა რუსთაველის სახ. (1983) და საქართვ. სახელმწ. (1985) პრემიების ლაურეატი. 1926 დაამთავრა სათეატრო ინ-ტი თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახ. თეატრის დასში, სადაც 1930-მდე იმუშავა ს. ახმეტელის ხელმძღვანელობით. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატმა (თ. ვახვახიშვილის პანტომიმა „მზეთამზე”). 1930–66 თ. კ. მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. იგი დიდი სცენური სიმართლითა და გარდასახვის უბადლო ნიჭით დაჯილდოებული, ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი იყო; ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათის პერსონაჟებს. მისი საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა დახვეწილი ფორმით, მკვეთრი თვითმყოფადი იუმორით, გრძნობისა და განცდის უშუალობით. თ-ის მიერ მაღალი ოსტატობით განსახიერებული 120-მდე როლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქრისტინე (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია”), ნაყომი (გ. ბააზოვის „მუნჯები ალაპარაკდნენ”), ამალია კარლოვნა (ა. აფინოგენოვის „შიში”), პარასკევა (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან”), ოგუდალოვა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო”), ძიძა, კატარინა (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა”, „ჭირვეული ცოლის მორჯულება”), ელისაბედ დედოფალი (ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი”), პრიუდანსი [ა. დიუმას (შვილი) „მარგარიტა გოტიე”], ოლღა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”) და სხვ.
ინტერვიუ სესილია თაყაიშვილთან (ფრაგმენტი). ჩაწერილია 1983 წელს: https://www.youtube.com/watch?v=I8H-oPk9EHo&t=179s
დიდია თ-ის ღვაწლი ქართ. კინემატოგრაფიაში, სადაც 1948-იდან მოღვაწეობდა. როლები: ვასასი („ჩვენი ეზო”, 1956), ელპიტე („საბუდარელი ჭაბუკი”, 1957), ელისაბედი („სხვისი შვილები”, 1958), ოლღა („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, 1962), ბორდოხანი („დიდოსტატის მარჯვენა”, 1969–70), მარადია („ნატვრის ხე”, 1976), ასინეთა („დათა თუთაშხია”, 1977), ბუღალტერი („ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, 1983) და სხვ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. საესტრადო ხელოვნ. განვითარებაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. არჩეულია თბილ. საპატიო მოქალაქედ (1982).
სესილია თაყაიშვილი. კადრი ფილმიდან „ნატვრის ხე“ (1976 წ.): https://www.youtube.com/watch?v=1ePG9FmmEpI
ლიტ.: თვალჭრელიძე ტ., სესილია თაყაიშვილი, თბ., 1978; მარჯანიშვილის თეატრი (ალბომი), თბ., 1979; მეტრეველი ს., უბრალოების არისტოკრატიზმი - სესილია თაყაიშვილი, წგ. თამაშის ხელოვნება, თბ., 2016; ურუშაძე ნ. სესილია თაყაიშვილი, თბ., 1988.