თოფურიძე ციალა (ეთერ) ევტიხის ასული (8. VII. 1925, დაბა წაღვერი, – 3. III. 2009, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1990), საქართვ. უმაღლესი სკოლის დამს. მუშაკი (1983). დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენათა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1948). 1958-იდან მუშაობდა თბილ. უცხო ენათა სახელმწ. ინ-ტში, სადაც 1974–87 ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთული ლიტ-რის კათედრას.
თ-ს ეკუთვნის ნაშრომები: „რობერტ ბერნსი" (1959), «„გაჯავრებული ახალგაზრდები" და ჯონ ბრეინი» (1964), «ჯეფრი ჩოსერი და მისი „კენტერბერიული მოთხრობები"» (1977), „ლორენს სტერნის მხატვრული სამყარო" (1990), «ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტი"» (1996), «თეოდორ დრაიზერის რომანი „გენიოსი"» (1961), „ერნესტ ჰემინგუეი" (1973), «რობერტ პენ უორენის „მეფის მთელი მხედრიონი"» (1978). თ. ძირითადად აშშ-ის ლიტ-რის მკვლევარია. შეადგინა და გამოსცა ამერ. ნოველების ორტომეული წინასიტყვაობითა და შენიშვნებით (ტ. I–1967, ტ. II–1968). უმთავრესად იკვლევდა უ. ფოლკნერის შემოქმედებას: «ფოლკნერის რომანის „ხმაური და მძვინვარების" მაკბეთური სათაური» (1975, რუს. ენაზე), «უილიამ ფოლკნერის „აბესალომ, აბესალომ!-ის" არქიტექტონიკა» (1978, გერმ. ენაზე), „ცნობიერების ნაკადის ტექნიკა ჯოისისა და ფოლკნერის შემოქმედებაში" (1984), "ფაუსტის სახის გაგებისათვის უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაში" (1990). მონოგრაფიაში „უილიამ ფოლკნერის რომანის პოეტიკა" (1984) განხილულია ფოლკნერის პროზის მხატვრული თავისებურება. ავტორია ნარკვევებისა ქართ.-ინგლ. ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე. ქართ. ენაზე თარგმნა ჯ. ბრეინის რომანი „გზა მაღალი საზოგადოებისაკენ" (ნ. ბადრიაშვილთან ერთად), ი. პეტროვასთან ერთად ინგლ. ენაზე თარგმნა და გამოაქვეყნა კრებ. «„ხოგაის მინდია" და ქართველ მწერალთა მოთხრობები» (1966), გ. ნატროშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1968).