თოფურიძე ბორის ნიკოლოზის ძე

თოფურიძე ბორის ნიკოლოზის ძე (1920, სენაკი, – 1999, თბილისი), მსახიობი, რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1981). დაამთავრა საქართვ. თეატრ. ინ-ტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჭიათურის (1939–42), ქუთაისის (1942–50 და 1952–53), სენაკის (1948 და 1991– 95), ზუგდიდის (1948–49), თელავის (1951–52), სოხუმის ქართულ (1958–1991), ზესტაფონის (1995– 99) თეატრებში. შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ფარადფაშა (ვ. გუნიას „და-ძმა"), გიჟუა (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), გეგეჭკორი (შ. დადიანის „გეგეჭკორი"), გრიშა (ვ. შალიკაშვილის „უნიადაგონი"), მილოვზოროვი, ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი"), ბერესტი (ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი"), შაქრო, ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება", „ყვარყვარე"), გელა (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა"), სტალინი (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან"), ბახვა ფულავა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი"), გერასიმე, გამცემლიძე (ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს", „საბრალდებო დასკვნა"), აბდუშაჰილი (ა. წერეთლის „ბაში-აჩუკი"), ჩუბიკოვი (ა. ჩეხოვის „ხელის თხოვნა"), შამუელ სევიჯი (ჯ. პატრიკის „უცნაური მისის სევიჯი") და სხვ. თ-ის დადგმებიდან აღსანიშნავია ი. გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა", ვ. მესაბლიშვილის „წინა დღე" და სხვ. თ-ის შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, დახვეწილი პლასტიკით.