რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლება [ინგლ. Radio Free Europe, Radio Liberty (RFE/RL)], აშშ-ის კონგრესის მიერ 1949, „ცივი ომის" პერიოდში, დაარსებული და დაფინანსებული კერძო, დამოუკიდებელი სამაუწყებლო კორპორაცია, რ-იც მიზნად ისახავდა „რკინის ფარდის" მიღმა მდებარე ქვეყნებისთვის მიუკერძოებელი, ცენზურისგან თავისუფალი ინფორმაციის მიწოდებას. „თ-მ" მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კომუნისტური ხელისუფლების დამხობასა და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში დემოკრ. ფასეულობების დამკვიდრებაში. 1949–95 მისი სათავო ოფისი მიუნხენში მდებარეობდა, 1995-ის შემდეგ კი პრაღაში გადავიდა. პრაღის სათავო ოფისის გარდა, "თ-ს" აქვს 19 ადგილობრივი ბიურო სამაუწყებლო რეგიონის ქვეყნებში, მ.შ. საქართველოში; კორპორაციული შტაბ-ბინა – ვაშინგტონში. მაუწყებლობს 21 ქვეყანაში 28 ენაზე. „თ-ში" დასაქმებულია 400-ზე მეტი შტატიანი და 750-მდე შტატგარეშე ჟურნალისტი. „თ-ის" ქართ. სამსახურის პირველი გადაცემა ეთერში გავიდა 1953 წ. 3 მარტს.