ახვლედიანი ერლომ სერგის ძე

ე. ახვლედიანი

ახვლედიანი ერლომ სერგის ძე (23. XI. 1933, თბილისი, – 20. III. 2012, იქვე), მწერალი, სცენარისტი. დაამთავრა თბ. სახელმწ. უნ-ტის ისტორიის ფაკ-ტი (1957) და სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები მოსკოვში (1964). მუშაობდა კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებაში ინსპექტორად (1959-1960),  საქართვ. ტელე–რადიო კომიტეტში მხატვრული ტელეფილმების (1967-1968) და საქართვ. სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროს რედაქტორად (1979-1987), იყო კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-1972), საქართვ. კინოსა და თეატრის სახელმწ. უნ-ტის სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-1987 და 1995-1999). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1958 წელს. ავტორი მოთხრობებისა: „ზარმაცი თაგუნიას ამბავი“ (1971), „ვანო და ნიკო“ (1986), „ძველი და ახალი“ (2003) და სხვ. მისი რომანი „კოღო ქალაქში“ (2010) დაჯილდოებულია ლიტ. პრემიით „საბა“ წლის საუკეთესო რომანისათვის (2011).
მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე.

ა. მუშაობდა კინოში. ავტორი სცენარებისა ფილმებისთვის: „აპრილი“ (რეჟ. ო. იოსელიანი, 1962). „უსახელო უფლისციხელი“, (გ. რჩეულიშვილის მოთხრობის მიხედვით, რეჟ. კ. ღლონტი,1968), „ფიროსმანი” (გ. შენგელაიასთან ერთად, რეჟ. გ. შენგელაია, 1969), „საერთო კედელი“ (რეჟ. ნ. მანაგაძე, 1972), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (დ. ჯავახიშვილთან ერთად, ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით, რეჟ. ნ. მანაგაძე, 1974), „ამაღლება“ (დ. ჯავახიშვილთან ერთად, 1977), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (ზ. არსენიშვილთან ერთად, 1979 – სსრკ სახელმწ. პრემია, 1980), „ბათა ქექია“ (ლ. ქიაჩელის რომანის მიხედვით, 1980, რეჟ. ლ. გორდელაძე), „გზა შინისაკენ“ (რ. კვესელავასთან ერთად, რეჟ. ა. რეხვიაშვილი, 1981) „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (დ. ჯავახიშვილთან ერთად, რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1981), „ძნელი დასაწყისი“ (რეჟ. თ. მაღალაშვილი, 1981), „არასერიოზული კაცი“ (რეჟ. დ. ბათიაშვილი, 1981), „ქათლოსიანთა საკურთხეველი“ (რეჟ. ა. აბაშმაძე, 1982), „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ (ო. ჩხეიძის რომან „ბორიაყის“ მიხედვით, რეჟ. გ. შენგელაია, 1984), „ეი, მაესტრო!“ (დ. ჯავახიშვილთან ერთად, რეჟ. ნ. მანაგაძე, 1987), „ლიცენზია“ (ანიმ., რეჟ. შ. ჭავჭავაძე, 1989), „ნოე“ (დ. ჯავახიშვილთან ერთად, რეჟ. ნ. მანაგაძე, 1990), „ერთაწმინდა“ (რეჟ. ზ. თუთბერიძე, 1994), „კაცობრიობის შემოდგომა“ (დოკ., რეჟ. გ. ჭუბაბრია, 1995); „სულელი ბროწეულის ხე“ (რეჟ. პ. მესაროში, 1999), „უნიჭო ობობა“ (ანიმ., რეჟ. რ. გვარლიანი, 2005), „თეთრი ყვავილი და თეთრი პეპელა“ (ანიმ., რეჟ. მ. კუხიანიძე, 2012).

გადაღებულია ფილმებში: „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1981), „თეთრი ღამე“ (რეჟ. დ. ცინცაძე, 1984), „სუვენირი“ (რეჟ. ვ. აბლოთია, 1986), „კვირა დღე“ (რეჟ. გ. რევიშვილი, 1989), „დაბრუნება“ (რეჟ. დ. ცინცაძე, 1990).

თხზ.: კაცი, რომელმაც თავი დაკარგა და სხვა ამბები, თბ., 2007.

მ. კერესელიძე