ლაგოდეხი

ლაგოდეხი, ქალაქი (1962-იდან) აღმოსავლეთ საქართველოს კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთის ძირში, მდ. ლაგოდეხისწყლის (მაწიმისწყლის მარჯვ. შენაკადი) ნაპირებზე, წნორი– ბელაქნის საავტ. გზაზე. ზ. დ. 435 მ. თბილისიდან 165 კმ. წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 34 კმ. ლ-ში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 12,6 °C, იანვ. 0,9 °C, აგვ. 24 °C, აბსოლ. მინ. –23 °C, აბსოლ. მაქს. 38 °C; ნალექები – 1080 მმ წელიწადში. 5918 მცხ. (2014).

ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალაქში განთავსებული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საექსპოზიციო დარბაზები, ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და სხვ.

ლ. რეკრეაციულ ფუნქციებსაც ითავსებს და ცნობილია მინერ. წყლებით, რ-ებიც სამკურნ.-პროფილაქტიკური მიზნებით გამოიყენება. ლ-ის მახლობლად არის ნაკრძალი.

ლ. წყაროებში გვხვდება ლაგოეთის, ლაკუათისა და ლაკუასტის სახელწოდებით. მ. ჯანაშვილის აზრით, სახელწოდება მომდინარეობს ლაკვადან, რაც ნიშნავს წყარო-ორმოს, წყალსაგუბარს, ჯურღმულს, რ-შიც იჟონება წყალი.

ლიტ.: მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ტ. 2, თბ., 1980; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1IV, თბ., 2021.