ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონში (ლაგოდეხის მუნიციპ.). მდებარეობს საქართველოს უკიდურეს ჩრდ.-აღმ. ნაწილში, კავკასიონის წყალგამყოფი ქედის სამხრ. ფერდობებზე, ვრცელდება ზ. დ. 590–3500 მ-მდე.
ლ. დ. ტ-ის საერთო ფართობია 24255 ჰა და მოიცავს ლაგოდეხის სახელმწ. ნაკრძალს (19755 ჰა) და აღკვეთილს (4500 ჰა). ლაგოდეხის ნაკრძალი დააარსა 1912 პოლონელმა ბუნებისმეტყველმა ლ. მლოკოსიევიჩმა.
ლ. დ. ტ. პირველი ოფიციალური დაცული ტერიტორიაა საქართველოში. წარმოადგენს საკონსერვაციო ლანდშაფტს – „აღმოსავლეთ დიდი კავკასიონის" ნაწილს, საკვანძო ბიომრავალფეროვნების ადგილს – „ლაგოდეხს" და ზურმუხტის ქსელის (პანევროპული ეკოლოგიური ქსელი, ბერნის კონვენცია, 1979) პირველ ტერიტორიას საქართველოდან. ლაგოდეხის, ზაქათალისა (აზერბ.) და ტლიარატას (დაღესტანი, რფ) დაცული ტერიტორიები ერთად ქმნის დიდ საკონსერვაციო არეალს, რ-იც უმნიშვნელოვანესია ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით. მის სიახლოვეს მდებარეობს ვაშლოვნისა და თუშეთის დაცული ტერიტორიები.
ლ. დ. ტ-ის მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები ძლიერ განსხვავებულ, რთულ ბუნებრივ ფიზ.-გეოგრ. პირობებს ქმნის, რაც მას გამოარჩევს რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლით: მდიდარი ჰიდროლოგიური ქსელი (15-მდე ჩანჩქერი, რ-თა სიმაღლე 4 მ-იდან 40 მ-მდე მერყეობს და მდინარეები: კაბალი, ბაისუბნისხევი, ნინოსხევი, შრომისხევი, ლაგოდეხისხევი, სალესავისხევი და მაწიმისწყალი), საინტერესო გეოლ. აგებულება, მრავალფეროვანი ხელუხლებელი ტყეების სარტყლიანობა, ძუძუმწოვართა კარგად შენარჩუნებული პოპულაციების დიდი მრავალფეროვნება და ენდემიზმის მაღალი დონე. დაცული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი (დაახლ. 13000 ჰა) დაფარულია სხვადასხვა ტიპის ფოთლოვანი ტყით ზ. დ. 400–1850 მ-მდე. ლანდშაფტი წარმოადგენს ტყით დაფარულ მთიან მასივს წყალგამყოფებითა და ღრმა ხეობებით. ტყის სარტყლის ზემოთ უკვე სუბალპ. ლანდშაფტი იწყება, რ-საც დაახლ. 7000 ჰა უჭირავს (ზ. დ. 1850 მ და 2500 მ შორის). ამ ლანდშაფტისთვის დამახასიათებელია სუბალპ. ტყეების, ბუჩქნარებისა და მდელოების მოზაიკა ზ. დ. 1800–2200 მ-ზე. რელიეფი საკმაოდ რთული და დანაწევრებულია, თუმცა გვხვდება მარტივი ფორმებიც. სუბალპ. ტყეები, ჩვეულებრივ, ზ. დ. 2100–2300 მ-ზე წარმოდგენილია მეჩხერი, ე. წ. პარკისებრი და ტანბრეცილი ტყეებით.
ალპ. ლანდშაფტები (ზ. დ. 2450–2500 მ-იდან 3000 მ-მდე) უტყეოა (დაახლ. 4000 ჰა), ხასიათდება ციცაბოკლდოვანი, ასევე რბილი და მომრგვალებული რელიეფით. ეროზიული, კლდოვანი და კლდენაშალი ლანდშაფტი მისი ძირითადი მახასიათებელი ფიზიკური ნიშანია.
აღსანიშნავია ე. წ. დემიდოვის ნაშალები, რ-იც ყველაზე დიდია დაცულ ტერიტ-ებზე. ლანდშაფტის სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებია შედარებით რბილი რელიეფის ფორმები (ე. წ. მყინვარული ცირკები), მცირე მყინვარული ტბები და რბილი რელიეფი (უმეტესად ალპ. ზონის შუა ნაწილში, ზ. დ. 2600–2850 მ-ზე).
სუბნივალური ზონა ზ. დ. 3000–3500 მ სიმაღლეზე ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია მეტად რთული რელიეფი – დიდი დაქანების კლდენაშალიანი ფერდობები და გაშიშვლებული კლდეები.
ბიოლოგიური მრავალფეროვნების კუთხით ლ. დ. ტ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი კავკასიის რეგიონში. აქ წარმოდგენილი სახეობებიდან 7 შეტანილია საქართველოს "წითელ ნუსხაში" (2014). 2021 მონაცემების მიხედვით ლ. დ. ტ-ში წარმოდგენილი ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) „წითელი ნუსხით" დაცული 154 სახეობის მცენარიდან საფრთხის ქვეშ მყოფის (EN) სტატუსი აქვს 2 სახეობას, მოწყვლადისა (VU) – 3-ს და საფრთხესთან ახლოს მყოფის (NT) – 4 სახეობას. წარმოდგენილ მცენარეთა 213 სახეობა კავკასიის ენდემია.
მცენარეული საფარი წარმოდგენილია შემდეგი ტიპის ტყეებითა და ჰაბიტატებით: წიფლნარი
(ზ. დ. 450–2150 მ-მდე), რცხილნარი (ფართოდ გავრცელებული; ზ. დ. 450–1500 მ, მუხნარი (ქართული მუხა, ზ. დ. 400–950 მ, შერეულფოთლოვანი (ზ. დ. 450–1100 მ, მაღალმთის ნეკერჩხლის (ზ. დ. 1800–2050 მ, მაღალმთის მუხნარი (ზ. დ. 1800–2000 მ, არყნარი (ზ. დ. 1900– 2300 მ, ჯაგრცხილნარი (დაფარულია მდ. მაწიმისწყლის ტერასები), მურყნარი (მისი ფრაგმენტები გავრცელებულია მდინარეთა ნაპირებიდან ოდნავ დაშორებით ალუვიურ ტერასებზე; ზ. დ. 800–1000 მ, დეკიანი ბუჩქნარი (გავრცელებულია ფრაგმენტულად სხვადასხვა სიმაღლეზე), სუბალპ. მაღალბალახეულობა, მაღალმთის მდელოები, ალპ. მდელო-ხალები, სუბნივალური კლდე-ნაშალების მცენარეულობა.
დღეისათვის დაცული ტერიტორიიდან ცნობილია მაკრომიცეტების 230 სახეობა, რ-თა უმრავლესობა (139 სახეობა) Agaricales-ის რიგის წარმომადგენელია. აღნიშნული 230 სახეობიდან 23 სახეობა საქართველოში მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში გვხვდება, ერთი სახეობა (Cantharellus caucasicus) კი – ამ დაცულ ტერიტორიაზე.
საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. აქ ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვ. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთელა; ლიანებიდან – გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და სხვ. კლიმატის სუბტროპ. ხასიათის გამო ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის გარკვეული ნაწილი: ლაფანი, კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, მათგან მრავალი ენდემურია (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვ.).
ლ. დ. ტ-ის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია, სადაც წარმოდგენილია დაახლ. 235 სახეობის ხერხემლიანი, მათგან – 4 სახეობის თევზი, 9 სახეობის ამფიბია და 18 სახეობის რეპტილია; მათგან ორი – ხმელთაშუაზღვისპირეთის კუ და დინიკის გველგესლა – შესულია საქართველოსა და IUCN-ის "წითელ ნუსხებში" მოწყვლადის კატეგორიის სტატუსით. ორი ამფიბია – კავკასიური გომბეშო და კავკასიური ჯვარულა – კავკასიის ენდემია, მცირეაზიური ტრიტონი კი – კავკასიის ენდემური ქვესახეობა; კარელინის სავარცხლიანი ტრიტონი დაცულია ბერნის კონვენციის მე-6 რეზოლუციის მიხედვით. ნაკრძალში 139 სახეობის ფრინველი და 69 სახეობის ძუძუმწოვარია. მათგან 60 სახეობა არის ან ენდემი, ან დაცული სახეობა; კერძოდ, დაცული ტერიტორიების საზღვრებში ფიქსირდება 22 სახეობის კავკასიის ენდემი, საქართველოს „წითელი ნუსხის" 26 სახეობა, მოწყვლადი ან გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სტატუსით „წითელი ნუსხის“ 9 სახეობა და ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მიხედვით დაცული 28 სახეობა.
12 სახეობის ძუძუმწოვარი – ევროპული მაჩქათელა, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, ნიამორი, კეთილშობილი ირემი, წავი, ფოცხვერი, გრძელყურა მღამიობი, ჯიქი, არჩვი, კავკასიური ციყვი, მურა დათვი – შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, ხოლო გიგანტური მეღამურა და ჯიქი შესულია IUჩN `წითელ ნუსხაში“, როგორც საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები.
ზაქათალის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა კავკასიური კეთილშობილი ირმისა და აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის ტრანსსასაზღვრო მონიტორინგი უნიფიცირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ლ. დ. ტ-ის ტერიტორია ფრინველთა კონსერვაციის მნიშვნელოვანი ნაწილია (ფართობი 23.065,35 ჰა). 46 სახეობა საქართველოს ბინადარია, ხოლო 34 – მიგრირებადი. 15 შესულია საქართვ. „წითელ ნუსხაში“ (ქორცქვიტა, ველის კაკაჩა, ბექობის არწივი, დიდი მყივანი არწივი, მთის არწივი, ფასკუნჯი, ბატკანძერი, სვავი, ორბი, კავკასიური როჭო და სხვ.), 5 სახეობა (ბექობის არწივი, დიდი მყივანი არწივი, ველის არწივი, ფასკუნჯი, ბარი) კი შესულია ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) „წითელ ნუსხაში" როგორც საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები; 2 კი (კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი) კავკასიის ენდემია. 16 სახეობა დაცულია ბერნის კონვენციის მე-6 რეზოლუციის მიხედვით.
დაცული ტერიტორიის ენტომოფაუნა წარმოდგენილია 16 რიგის, 145 ოჯახის, 989 გვარის და 1702 სახეობით. აქ ფიქსირდება საფრთხის წინაშე მყოფი IUCN-ის „წითელ ნუსხაში" შეყვანილი შემდეგი სახეობები: ირანული შავტუხა, კუჰასტინის ლურჯი პეპელა, ალპური ხარაბუზა, მსგავსი ნემსიყლაპია; „ზურმუხტის ქსელის" სახეობა მჟაუნას მრავალთავა. ნაკრძალში სხვადასხვა ენდემური მოლუსკია გავრცელებული, მ. შ. კავკასიის ენდემი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუხის ლოკოკინა, რ-იც საქართველოს „წითელ ნუსხაში" მოწყვლადი სტატუსითაა შესული, ასევე ჩვეულებრივი მტკნარი წყლის კიბო.
ხ. წიკლაური