ლეჩაქი

ლეჩაქი, ქალის  თავსაბურავი, ქართული თავხურვის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ჩიხტიკოპთან და ბაღდადთან ერთად. თავბურვის ეს წესი ჯერ კიდევ V ს-იდანაა ცნობილი. კერავდნენ უმეტესად თხელი ქსოვილისაგან. იოანე ბატონიშვილი ლ-ის სახელწოდებად – ნარმას ასახელებს, რ-იც ბამბის თხელი ქსოვილია. ასევე მზადდებოდა  მარმაშის, ბლონდის, ატლასისა და შილიაისაგან. საუკეთესო სალეჩაქე მასალად ბლონდი (აბრეშუმის თხელი, გამჭვირვალე ქსოვილი) მიიჩნეოდა. ლ. ძირითადად იყო თეთრი, გარდა გლოვის დროს. ლ. ირიბად, სამკუთხედად აჭრილი ქსოვილია, რ-ის ერთი, ზურგზე დაშვებული წვერის კუთხე – სწორი, მეორე – მახვილი, მესამე კი ბლაგვი (შემომრგვალებული) იყო. ლ-ის ამგვარი მოყვანილობა ქალებს უიოლებდა თავბურვის პროცესს. ცნობილია ლ-ის სამი ტიპი: სადა, ნაკერი (აბრეშუმით ან სირმით ნაქარგი) და დაბასმული (ბასმით, ანუ თეთრი წებოთი მოხატული). სადა, უარშიო ლ-ს მოხუცი და მგლოვიარე ქალები ატარებდნენ. ნაკერსა და დაბასმულს – ახალგაზრდები. ლ-ის ნაირსახეობები მოცემულია XVIII–XX სს. მზითვის წიგნებში. ლ-ის „თავისუფლად“ (შეუკრავად) მოხმარება მხოლოდ ახალგაზრდა, გაუთხოვარ ქალებს შეეძლოთ. გათხოვილი და ხანშიშესული ქალები მას ჩიხტიკოპზე ქინძისთავებით იმაგრებდნენ. უქმეებში კი ლ-ის ზემოდან აბრეშუმის ოთხკუთხა ბაღდადები ჰქონდა მოხვეული. ლ. კავკასიისა და შუა აზიის ხალხებშიც იყო გავრცელებული. ძველ ქართულ წყაროებში მის ნაცვლად გვხვდება „კუბასტი“, „მაკნანი“, „ჩიქილა“. ქართველი ქალი თავდაუხურავი გარეთ არ გავიდოდა, რადგან „უხამური და თმაგარდატევებული“ გამოჩენა შეუფერებელ საქციელად ითვლებოდა.

ლიტ.: ბატონიშვილი იოანე, კალმასობა, თბ., 1948; ბეზარაშვილი ც., ჯალაბაძე გ., ქართული ხალხური ტანსაცმელი, თბ., 1988; იაშვილი მ., მასალები საქართველოს სოციალურ-ეკონომიური ისტორიისათვის (მზითვის წიგნი), თბ., 1974; ყარაულაშვილი ც., ხალხური ქსოვის ისტორიიდან, ბადური ქსოვა, კრ., საქართველოს ეთნოგრაფიის საკითხები, თბ., 1964; ჭანტურიშვილი ს., ყოფა და კულტურა V–X საუკუნეების საქართველოში, თბ., 1984.ს ისტორიისათვის, [ტ.] 3–4, თბ., 1962.

ც. ყარაულაშვილი