ლეჩქოფის განძი

ლეჩქოფის განძი, ბრინჯაოს ცულების სამი განძი. აღმოჩენილია სხვადასხვა დროს სოხუმის დას. ნაწილში, სოფ. ლეჩქოფის ტერიტორიაზე. პირველი განძი შემთხვევითაა აღმოჩენილი 1930, მიწის სამუშაოების დროს პ. მამფორიას ნაკვეთში. განძის შემადგენლობაში შედიოდა სხვადასხვა ტიპის ბრინჯაოს 15 ცული. სადღეისოდ შემორჩენილია მხოლოდ 2, რ-ებიც დაცულია აფხ. სახელმწ. მუზეუმის ფონდებში. 1933 გამოვლინდა ლეჩქოფის მეორე განძი, რ-შიც შედიოდა ბრინჯაოს ცული და რამდენიმე სეგმენტური იარაღი. სხვა მონაცემები ამ განძის აღმოჩენის შესახებ არ მოიპოვება. დაცულია აფხ. სახელმწ. მუზეუმის ფონდებში. ეს ორივე განძი თარიღდება ძვ. წ. I ათასწლ. საწყისი პერიოდით.

1961 აღმოჩნდა მესამე განძი, რ-იც აფხ. სახელმწ. მუზეუმს გადასცა ვინმე მეთოდე ჯაკობიამ. ცულები ნაპოვნია გზის მშენებლობისას. განძის შემადგენლობაში შედის სამი ყუამილიან-ყუადაქანებული და ერთი კოლხური ცულის პროტოტიპი. ეს განძი ერთ გარკვეულ ადგილზე სხვადასხვა დროსაა აღმოჩენილი, მაგრამ განძად ან განძის შემადგენელ ნივთებად არის მიჩნეული. ერთ-ერთ ყუამილიან-ყუადაქანებულ ცულს აქვს მომრგვალებული პირი და თანაბარი სიგრძის ტანი. მეორე ნიმუშიც ასეთივეა, მაგრამ მას უფრო ფართო პირი და სუსტად დანაკვთული ნიღრები აქვს. ორივე ცულს აქვს ოთხწახნაგა ტანი, მესამე ცულს – საკმაოდ განიერი პირი. ტანის განაკვეთი ოვალურია. მეოთხე ნიმუში იმეორებს ლიხნის განძის I ჯგუფის ცულების ფორმას, ოღონდ უფრო მარტივია. იგი ძალიან წააგავს ურეკის ოვალურხვრელიან პატარა ზომის კოლხური ცულის პროტოტიპს.

არქეოლოგ დ. ქორიძეს ლეჩქოფის 1961 წლის განძი მიაჩნია ურეკის განძის მასალების სინქრონიულად და ძვ. წ II ათასწლ. I ნახ-ით ათარიღებს (ძვ. წ. XVIII– XVII სს.). მისი ასაკი უნდა განისაზღვროს ძვ. წ. XVI–XV სს-ით. ლეჩქოფის 1961 განძის მასალები ინახება სოხუმში, აფხაზეთის სახელმწ. მუზეუმის ფონდებში.

ლიტ.: აფაქიძე ჯ., აფხაზეთის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის განძები, აფხაზეთი I, თბ., 2006; ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; მ ისივე, ლიხნის განძი და კოლხურ-ყობანური ცულების გენეზისის საკითხისათვის. სსმმ, XXX-B, თბ., 1968; Воронов Ю., Археологическая карта Абхазии. Сух., 1969.

ლ. ჯიბლაძე