ლეჩხუმელები, ქართველთა ტერიტორიული, ლოკალური, ეთნოგრაფიული ჯგუფი. ცხოვრობენ დას. საქართველოში, ლეჩხუმის ისტ.-ეთნოგრ. მხარეში, მდ-ების – ცხენისწყლის, რიონისა და ლაჯანურის ხეობებში. ლ. მეტყველებენ ქართ. ენის ლეჩხუმურ დიალექტზე.
ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII ს.) ლეჩხუმისა და ლ-ის შესახებ წერდა: „მოსახლენი არიან აზნაურნი და გლეხნი, რამეთუ არა არს მოსახლე, რომელსა არა ედგას კოშკი ქვითკირისა და შენობანი ყოველნივე ქვითკირისანი. და არს მთითა და კლდითა ფრიად მაგარი, და კაცნი მუნებურნი მბრძოლნი და შემმართებელნი, ჰაეროვანნი, ტანოვანნი, მHნენი და მორჩილნი უფალთა თჳსთა“.
ლ. ცნობილი ხის ოსტატები, ქვის მთლელები და კალატოზები იყვნენ, აშენებდნენ ციხე-კოშკებსაც.
სვანებისა და რაჭველების მსგავსად, ლ-ც გარე სამუშაოზე დადიოდნენ: „ძველად ლეჩხუმიდან გასვლით სამუშაოზე, ბევრი ლეჩხუმელი მევენახე-მეზვრედ მიდიოდა. ისინი მთელი სავენახე სამუშაოების სეზონს, რთველის ჩათვლით, ოჯახს იყვნენ მოწყვეტილნი, ზოგჯერ კი მთელი ოჯახითაც გადიოდნენ. ახმეტის, საგარეჯოს, თელავის და საერთოდ აღმ. საქართველოს სხვა რ-ნებში ბევრი ლეჩხუმელია ჩასახლებული, რ-თაც მევენახე-მეზვრეებად დაუწყიათ მუშაობა და შემდეგ სამუდამოდ იქ დარჩენილან“ (გ. ჯალაბაძე).
ლ-ში ოქრომჭედლობაც იყო განვითარებული. ლეჩხუმელი ოქრომჭედლები სევადის ოსტატებიც იყვნენ. აქ დასტურდება ორი სახის სევადის ორნამენტი – შავყვავილიანი და თეთრყვავილიანი. როდესაც ორნამენტი ვერცხლზე რელიეფითაა გაკეთებული და სევადა ორნამენტის ეზოს აქვს მოვლებული, სევადას თეთრყვავილიანს უწოდებენ, ხოლო როდესაც ორნამენტი ჩაღრმავების ტექნიკითაა შესრულებული და ღარში სევადაა ჩასხმული – შავყვავილიანს. ლეჩხუმელი ოქრომჭედლები ამზადებდნენ ქამრის, ლეკური ხმლის, ცულის, ხანჯლისა და სხვ. ნაჭრებს (ნაწილებს).
ლ-ში საკმაოდ მრავალ ხალხურ დღეობას აღნიშნავდნენ. მათი უმეტესობა საერთო ქართ. დღეობაა, ზოგიერთი კი მხოლოდ ლ- თვის იყო დამახასიათებელი [მაგ., ფეხიდაპწნა (სოფელ ორბელში), მეისრობა, დაურწყება, გზობა, ჭაბუკობა, კვირტობა, ტაძრობა, ბოგაშობა და სხვ.]. ლ-ის სოფ. ლაბეჭინაში იცოდნენ ბურვაკის მსხვერპლად შეწირვა, რასაც ქართველ ხალხში ოდესღაც ღორის კულტის არსებობით ხსნიან. მიცვალებულის დატირების ლეჩხუმური წეს-ჩვეულება დას. საქართველოს ეთნოგრ. ჯგუფებისათვის საერთო იყო.
ლ-ში ახალი წლის წინა დღეს „კალანდას“ უწოდებდნენ.
ძველად ლეჩხუმელებს სწამდათ, რომ წყლის მპყრობელ გველეშაპს მამაცი გმირები – ჟივჟინა და ვაჟინა – ებრძოდნენ და ანადგურებდნენ. შემდეგ ეტაპზე გველეშაპის გამანადგურებლად წმ. გიორგი გვევლინება. დარ-ავდრის ბედი მაქსიმე აღმსარებელსაც ჰქონდა მინდობილი, რ-იც ქართ. საისტ. ტრადიციით, ცაგერის ეკლესიაშია დაკრძალული: „არს მაქსიმე აღმსარებელი დაფლული. არს შუენიერშენი, კეთილს ადგილს და აწ ხუცის ამარად“ (ვახუშტი ბაგრატიონი).
ლ-ში აღნიშნავდნენ ჭაბუკობის დღესასწაულს. ჭაბუკი ნაყოფიერების ღვთაებად იყო მიჩნეული. ბოსლობის დღესასწაულზე ოჯახის უფროსი ცოლ-ქმარი ორიგინალურ რიტუალს ასრულებდა, აცხობდნენ „სართვიან ტაბლებს“ (გულიან პურებს), ხმამაღლა ლოცულობდნენ და ღმერთს საქონლის გამრავლებას შესთხოვდნენ.
ლ-ის მკვიდრთ საქართველოს სხვა ისტ.-ეთნოგრ. მხარეებთან მჭიდრო სამეურნეო-ეკონ. კავშირები ჰქონდათ. მაგ., სვანებს ვენახები ჰქონდათ ლ-ის სოფ. ორბელში, რ-საც ადგილობრივები უვლიდნენ. შუა საუკუნეებში ლ-ის სავაჭრო ცენტრი (მცირე ქალაქი) ლაილაში იყო. XIX ს. 80-იან წლებში სავაჭრო დუქნები ცაგერშიც გაჩნდა. ლაილაშში ბაზრობა პარასკევ-კვირას იმართებოდა, რ-იც ქართვ. ებრაელებისა და გრიგორიანელი ქართველების (მათ სომხებს ეძახდნენ) ხელში იყო. ებრაელებს სოფლებშიც დაჰქონდათ საქონელი, ამიტომ მათ „მესოფლე ებრაელებს“ უწოდებდნენ. XIX ს. 80-იან წლებში 50 „მესოფლე ებრაელს“ ჰქონდა ბილეთი (ოფიციალური უფლება) აღებული აღნიშნული საქმიანობის ჩასატარებლად. ლაილაშში ხელოსნობას ქართველები და სომხები მისდევდნენ. ხელოსანთაგან ქართველები „მაგარ სამუშაოზე“ (ანუ მჭედლობა, რაც ოქრო-ვერცხლსა და რკინა-სპილენძზე მომუშავეთაც აერთიანებდა) მდგარან. აქვე კერავდნენ ჩოხა-ახალუხსა და ყაბალახს.
ლეჩხუმში მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად სვანეთიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან, გურია-აჭარიდან გადმოსულებიც ცხოვრობენ. აქ გავრცელებული გვარები სხვადასხვა სუფიქსით ბოლოვდება: -ან (-იან), -ძე, -შვილი, -ია, -ელ.
ახვლედიანების გვარი ერთადერთია ლეჩხუმში, რ-ის წარმომადგენლები თავადებიც იყვნენ, აზნაურებიც და გლეხებიც.
რ. თოფჩიშვილი