ლეჩხუმის ქედი, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. განშტოება, მდ-ების – ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფი. იწყება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე ფასის მთასთან და მთავრდება დაბა ლენტეხთან. ჩრდ. კალთა ვიწროა და ციცაბო, სამხრეთი – განიერი და დატოტვილი. უმაღლესი ნაწილია ჭუთხაროს მასივი (მწვ. სამერცხლე, ზ. დ. 3584 მ). ქედი აგებულია ქვედაიურული ფიქლებით, ქვიშაქვებითა და შუაიურული პორფირიტული წყებით; უკიდურესი სამხრ. მონაკვეთი – ცარცული კირქვებით. გაბატონებულია რელიეფის ეროზიული, სტრუქტურული და მყინვარული ფორმები. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია მარადმწვანე ქვეტყიანი და ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, რცხილა, წიფელი), ზედა – მუქწიწვიანით (ნაძვი, სოჭი); თხემზე სუბალპ. და ალპ. მდელოებია.