ლეხურის განძი

ლეხურის განძი, ოქროს მონეტების (23 ც.) განძი. ნაპოვნია 1947 მდ. ლეხურის (მდ. მტკვრის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. განძი შეიცავდა 13 ვენეციურ დუკატს, 8 ალთუნს და 2 ნახევარაშრეფს. ვენეციური დუკატები მოჭრილია შემდეგი დოჟების სახელით: ფრანჩესკო ფოსკარი (1423–57), პასკუალე მალპიერო (1457–62), ქრისტოფორო მორო (1462–71), ანდრეა გრიტო (1523–39), პიეტრო ლანდო (1539–45). ალთუნები ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ის (1520–66) (8 ც.), ნახევარაშრაფები კი – სეფიანი შაჰის, თაჰმასპ (თამაზ) I-ის (1524–76) სახელს ატარებს. ვენეციური დუკატის აღწერილობა ასეთია: ავერსი – მონეტის ცენტრში ვენეციის მფარველის, წმ. მარკოზის ფიგურაა, რ-იც მუხლმოყრილ დოჟს გადასცემს ძალაუფლების სიმბოლოს – ალამს. გამოსახულების გარშემო ლათინური წარწერაა: „ფრანჩესკო ფოსკარი წმინდა მარკოზი ვენეციის“; რევერსზე ოვალში კი იესო ქრისტეს გამოსახულებაა, ირგვლივ ლათინური წარწერით: „ქრისტე! საჰერცოგო, რომელსაც განაგებ, დაე გებოძოს შენ“.

თურქეთის სულთან სულეიმან I-ის ალთუნის ავერსზე ექვსსტრიქონიანი არაბული ზედწერილია – „სულეიმანი/სულთან შაჰი/დიდებული, გამარჯვებული/სელიმ შაჰისა მოიჭრა/კონსტანტინიაში/926 წელს“ (1519/20); რევერსზე კი ოთხ სტრიქონად წერია – „მოიჭრა ბრწყინვალე/ მბრძანებლის, ძლევამოსილის, გამარჯვებულის /ხმელეთსა/ და ზღვაზე“.

სეფიანი შაჰის თაჰმასპ I-ის ნახევარაშრაფი: ავერსზე შიიტური სარწმუნოებრივი სიმბოლო იკითხება („არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა, მუჰამედი ალაჰის მოციქული, ალი მისი თანამზრახველი“), ირგვლივ კი – 12 იმამის სახელი; რევერსზე, ოთხკუთხა ჩარჩოში, არაბულად აღნიშნულია მოჭრის ადგილი და თარიღი – ჰ. 900–1548/49.

ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; ქებულაძე რ., საქართველოში ვენეციური დუკატების მიმოქცევის საკითხისათვის, «მაცნე», 1969, №4; მისივე, ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში, XV–XVIII საუკუნეები, თბ., 1971; Антадзе М. Г., Кебуладзе Р. В., Клад из золотых монет из Лехурского ущелья, „Нумизматика и этнографика“, 1971, т. 9; Кутелия Т. С., Грузия и Сепевидский Иран, Тб., 1979.