ლიანები [ფრანგ. liane (მხ. რ.)], მცენარეები, რომლებსაც რაიმე საყრდენის გარეშე დგომა არ შეუძლიათ. ქართ. ბოტან. ლიტ-რაში ზოგჯერ ამავე მნიშვნელობით იხმარება ტერმინი „ლეშამბოები“. ლ-ის უმეტესობა ყვავილოვანი მცენარეებია; შიშველთესლოვნებიდან ლ-ს გნეტუმის რამდენიმე სახეობა მიეკუთვნება; ლ. გვხვდება გვიმრანაირთა შორისაც. საყრდენზე მიმაგრების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ ხვიარა და მცოცავ ლ-ს. ხვიარა ლ. საყრდენს გარს ეხვევა, მცოცავი კი ემაგრება ულვაშებით, განსაკუთრებული ფესვებით, ეკლებით, ქაცვებით და სხვ. სინათლისაკენ სწრაფვის გამო მცენარეებს გამოუმუშავდათ საყრდენზე შემოხვევისა და ცოცვის უნარი.
ლ. გავრცელებულია უმთავრესად ტროპ. სარტყელში (2000-ზე მეტი სახეობა), ზომიერ სარტყელში შედარებით ცოტაა (200-მდე სახეობა).
საქართველოში ლ. (ეკალღიჭი, სურო, კატაბარდა, მაყვალი და სხვ.) უხვადაა კოლხეთის ტყეებში, სადაც ხშირად გაუვალ ბარდებს ქმნის. კულტ. მცენარეებიდან ლ-ს განეკუთვნება ვაზი, ლობიო, ბარდა, სვია, ვანილი და სხვ.
ჯ. ჩიკვაიძე