ლიაძე შალვა ივანეს ძე

ლიაძე შალვა ივანეს ძე (5. VIII. 1891, გორის მაზრა, – 29. IV. 1962, თბილისი), სამელიორაციო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართვ. დამს. ინჟინერი (1951). დაამთავრა დონის (უკრაინა) პოლიტექ. ინ-ტი ინჟინერ-მელიორატორის სპეციალობით. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18); ევალებოდა ფრონტის ჰიდროტექ. ორგანიზება სპარსეთისა და თურქეთის ტერიტ-ებზე. მუშაობდა საქართვ. წყალთა მეურნეობის სისტემაში; იყო გორის წყალთა მეურნეობის სამმართველოს უფროსი (1918–23). ხელმძღვანელობდა დოესი-გრაკლისა და სკრა-ქარელის არხების, კასპის რ-ნში მტკვარზე ხიდის მშენებლობას, ასევე ტირიფონის სარწყავი სისტემის დაპროექტებასა და მშენებლობას (1923–33); ტირიფონის ველზე, სოფ. ხურვალეთთან არსებული ისტ. ძეგლის, თამარ მეფის დროინდელი ,,რუსხუმალას“, ანუ მიწაყრილში გაყვანილი სარწყავი არხის მონაკვეთის აღდგენას; ასევე მუშაობდა ტროპიკულ სნეულებათა ინ-ტში (1937–50), სადაც დიდი წვლილი შეიტანა მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. „საქსახწყალპროექტში“ მუშაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა სამგორის (1950–59), აგრეთვე ტაშისკარისა და მუხრანის ველის სარწყავი სისტემების, კოლხეთის დაბლობზე დამშრობი არხების, ჭოროხისა და ცხენისწყლის მარეგულირებელი ნაგებობებისა და სოფლის წყალსადენების პროექტების შედგენაზე. 1959-იდან ეწეოდა ნაყოფიერ პედ. საქმიანობას.