ლიახვი

ლიახვი, დიდი ლიახვი, მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სათავეს იღებს ყელის ვულკ. მთიანეთში. წარმოიქმნება მდ-ების – ყადლასანისწყლისა და დესკოხირისწყლის შეერთებით ზ. დ. 2338 მ-ზე. ლ. მდ. მტკვარს ერთვის ქ. გორთან. სიგრძე ყადლასანისწყლის სათავიდან 115 კმ, აუზის ფართობი – 2440 კმ 2 . მისი მთავარი შენაკადებია: ერმანისწყალი, ჯომაღისწყალი, გუდისისწყალი, ფანა, პატარა ლიახვი და მეჯუდა. ლ-ის სათავეში არის 12 მცირე მყინვარი, რ-თა ფართ. 5,5 კმ 2. საზრდოობს წვიმის, თოვლის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის მარტის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე, წყალმცირობა – ზაფხულ-შემოდგომაზე. გაზაფხულსა და ზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 76%. საშ. წლიური ხარჯი ჯავასთან – 20,3 მ 3/წმ; მდ. პატარა ლიახვის შეერთების შემდეგ – 47,3 მ 3/წმ.. ლ-ზე ზამთარში შეინიშნება ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი. ლ. გამოყენებულია სარწყავად, აღსანიშნავია კეხვის, ტირიფონისა და სალთვისის არხები. ირწყვება 62 ათასი ჰა მიწა. ლ-ის ნაპირებზე მდებარეობს ქ. ცხინვალი.

ი. აფხაზავა