ლიბერალიზმი

ლიბერალიზმი (ლათ. liber – თავისუფლება), პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე მსოფლიოში. ლ-ს ხშირად ფეოდალიზმის რღვევისა და კაპიტალიზმის წარმოშობის შედეგად განმანათლებლობის ეპოქის ევროპაში წარმოქმნილ პოლიტ. და მორალურ ფილოსოფიადაც მოიხსენიებენ. ლ-ის პოლიტ. ფილოსოფიის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა ინგლისელი ფილოსოფოსი ჯ. ლოკი (1632–1704), რ-მაც 1690 ინგლისის რევოლუციის იდეების მხარდასაჭერად დაწერა ნაშრომი „ორი ტრაქტატი მმართველობის შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ ლ-ის იდეებს განმანათლებლობის ეპოქაში ეყრება საფუძვლები, პოლიტ. დატვირთვა ტერმინმა მხოლოდ XIX ს-ში შეიძინა, როდესაც 1812 ესპანეთის პარლამენტში ერთ-ერთმა პოლიტ. ჯგუფმა საკუთარ თავს ლიბერალები უწოდა. ლ-ის პოლიტ. ფილოსოფიის განვითარებაში წვლილი მიუძღვით ვოლტერს, დ. დიდროს, ჟ.-ჟ. რუსოს, ი. კანტს, თ. ჯეფერსონს, თ. პეინს, ა. დე ტოკვილს, ჯ. ბენტამს, ჯ. ს. მილს და ა. შ.

ეკონ. ღირებულებების კუთხით ლ-ის ფუძემდებლად მიჩნეულია შოტლანდიელი ეკონომისტი ა. სმიტი (1723–90). მისმა ნაშრომმა „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (1776) უდიდესი გავლენა იქონია კლასიკური ლ-ის უმთავრესი ეკონ. პრინციპების – თავისუფალი ბაზარი და სახელმწიფოს ჩაურევლობა ეკონ. საქმიანობაში (Laissez-faire) – ჩამოყალიბებაზე.

ლ-ის განვითარებაში გამოიყოფა სამი მთავარი ეტაპი: 1. კლასიკური ლ. (XIX ს. II ნახ. – XX ს. I მეოთხედი); 2. თანამედროვე ლ. (XX ს. 30-იანი წლები – XX ს. 70-იანი წლები); 3. ნეოლიბერალიზმი (XX ს. 70-იანი წლებიდან დღემდე), რ-საც ზოგჯერ ნეოკლასიკურ ლ-საც უწოდებენ, კლასიკური ლ-ის იდეებთან მისი სიახლოვის გამო. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ცვლილებებს განიცდიდა ლ-ის ღირებულებებიც, რ-თა შორის უმთავრესი განვითარების ყველა ეტაპისთვის საერთოა: ინდივიდუალიზმი, თავისუფლება, გონი, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, კონსტიტუციონალიზმი.

ინდივიდუალიზმი – ლიბერალების რწმენა ინდივიდის უზენაესობის შესახებ. ლიბერალი ინდივიდსა და მის უფლებებს საზოგადოებრივ ან ჯგუფურ ინტერესებზე მაღლა აყენებს. ფეოდ. სამყაროსგან განსხვავებით, სადაც ადამიანს განიხილავდნენ ამა თუ იმ ჯგუფის, თემის თუ სოც. კლასის წევრად. XVII ს-იდან ის უკვე დამოუკიდებელ, საკუთარი ინტერესების, მისწრაფებების, ღირებულებების მქონე არსებად განიხილება. ადამიანს დაბადებიდანვე აქვს თანდაყოლილი, ღვთისგან მინიჭებული უფლებები, რ-იც ჯ. ლოკმა „სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების“ სახით განსაზღვრა (1690). ინდივიდუალიზმის რწმენამ ლ-ის სხვადასხვა ეტაპზე ტრანსფორმაცია განიცადა. ადრეული ლიბერალები ადამიანებს განიხილავდნენ ცალკე მდგომ, ერთმანეთისა და საზ-ბის მიმართ ვალდებულებების არმქონე არსებებად, რ-ებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. საზ-ბის მოცემული, ე. წ. ატომისტური ხედვა გულისხმობდა ინდივიდის, როგორც „განმხოლოებული ატომის“ ხედვას, თუმცა მოგვიანებით მოცემული დამოკიდებულება ჩანაცვლდა ინდივიდის, როგორც უფლებებისა და პასუხისმგებლობის მქონე არსების ხედვით. ინდივიდი აღარ განიხილება მხოლოდ უფლებების მქონე პირად, მას აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა საზ-ბისა და მისი წევრების მიმართ;

თავისუფლება – ლ-ის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რ-იც გულისხმობს ინდივიდუალიზმის განვითარებისთვის პიროვნული და პოლიტ. თავისუფლების აუცილებლობას. თავისუფლების იდეა ლ-ის პოლიტ. ფილოსოფიაში მუდმივად იყო სხვადასხვა ავტორის ყურადღების ცენტრში, თუმცა გამორჩეულია 1861 ბრიტანელი ფილოსოფოსის, ეკონომისტის, პოლიტიკოსის, ჯ. ს. მილის ნაშრომი „თავისუფლების შესახებ“. იგი გულდასმით განიხილავს ინდივიდის თავისუფლებასა და საზ-ბის უფლებებს შორის ზღვარის გავლების დილემას. მოცემული ნაშრომი ლ-ის ერთ-ერთ კლასიკურ თხზულებად მიიჩნევა. თავისუფლების იდეის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია XX ს. 50–60-იან წლებში ბრიტანელი ფილოსოფოსის, ი. ბერლინის მიერ თავისუფლების ორგვარი გაგების – ნეგატიური და პოზიტიური თავისუფლებების შემოტანა. ნეგატიური თავისუფლება არის ინდივიდისთვის ბარიერების, ხელისშემშლელი შეზღუდვების, წინააღმდეგობების არარსებობა, როგორც ხშირად ამბობენ „თავისუფლება რაღაცისგან“; პოზიტიური თავისუფლება კი გულისხმობს ინდივიდისთვის მოქმედებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების შესაძლებლობას – „თავისუფლება რაღაცისთვის“. კლასიკური ლ-ისთვის დამახასიათებელი იყო თავისუფლების ნეგატიური გაგება – შეეზღუდოს სახელმწიფოს ინდივიდის საქმეებში მინიმალური ჩარევის უფლებაც კი. ამისგან განსხვავებით, თანამედროვე ლ-ისათვის დამახასიათებელია პოზიტიური თავისუფლება, რ-იც გულისხმობს ინდივიდის მიერ საკუთარი ინდივიდუალიზმისა და თავისუფლების მისაღწევად სახელმწიფოს, როგორც ინსტრუმენტის გამოყენებას;

გონიერება – თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის ღირებულებები მჭიდრო კავშირშია ლიბერალების მიერ ადამიანის, როგორც რაციონალური, გონიერი არსების რწმენასთან. ადამიანი მოაზროვნე არსებაა და მას აქვს უნარი, სწორედ გონიერების და არა გამოცდილების საფუძველზე, შეიმეცნოს და ახსნას სამყარო, თავად მიიღოს და თავადვე აგოს პასუხი საკუთარ გადაწყვეტილებებზე. მართალია, ლიბერალები ადამიანის, როგორც მოაზროვნე არსების ბუნებისა და მისი გონიერებისადმი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ადამიანი უშეცდომო ან უნაკლო არსებად მიაჩნიათ. ადამიანებს აქვთ ეგოისტური და კერძო მისწრაფებები, რ-ებიც იწვევს დაპირისპირებასა და ურთიერთკონკურენციას, თუმცა სწორედ გონიერების მეშვეობით მათ შესწევთ უნარი, განსჯისა და გააზრების საფუძველზე ესწრაფვოდნენ მსჯელობისა და თანხმობის გზით კონფლიქტების მოგვარებას;

სამართლიანობა/თანასწორობა – ლ-ის ღირებულება, რ-იც ემყარება სხვადასხვა სახის სამართლიანობის რწმენას. ინდივიდუალიზმისა და რაციონალიზმის რწმენა ის საფუძველია, რ-იც განაპირობებს ლიბერალების მიერ ადამიანის თანაბარი მორალური და ზნეობრივი ღირებულების რწმენასაც. საზ-ბაში ინდივიდებს თანასწორი სტატუსი უნდა ჰქონდეთ, რაც გამორიცხავს ერთი ინდივიდის უპირატესობას მეორესთან. ლ-ის ადრეულ ეტაპზე ინდივიდები ნიჭის, გონებრივი, ინტელექტუალური თუ სხვა მონაცემების საფუძველზეც კი თანასწორად განიხილებოდნენ, თუმცა მოგვიანებით თანასწორობის ეს იდეა ჩანაცვლდა სამართლებრივი (კანონის წინაშე თანასწორობისა) და პოლიტ. („ერთი ადამიანი, ერთი ხმა, ერთი ღირებულება“) თანასწორობის იდეებით;

შემწყნარებლობა – ლ-ის მოცემულ ღირებულებას საფუძველი ჯ. ლოკმა ჩაუყარა, რ-მაც რამდენიმე წერილი მიუძღვნა შემწყნარებლობის თემას, თუმცა, XVII ს. ინგლისის რელიგ.-პოლიტ. კონტექსტიდან გამომდინარე, ჯ. ლოკი თავის წერილებში მხოლოდ რელიგ. შემწყნარებლობაზე საუბრობს. მოგვიანებით, XIX ს-ში, მოცემული იდეა განავრცო და გააფართოვა ჯ. ს. მილმა. ლიბერალებისთვის შემწყნარებლობაში მოიაზრება ყველა ადამიანის უფლება, იფიქროს, იმოქმედოს, იაზროვნოს ისე, როგორც მას სურს, თუმცა თავისი ქმედებით ის ზიანს არ უნდა აყენებდეს სხვას. შემწყნარებლობა, იმავდროულად, პიროვნული თავისუფლების გარანტი და მრავალფეროვნების საფუძველიცაა. მხოლოდ პლურალისტულ, მრავალფეროვან საზ-ბაშია შესაძლებელი სხვადასხვა იდეის ჭიდილის ფონზე წინსვლა და განვითარება;

კონსტიტუციონალიზმი – ხელისუფლების შეზღუდვის იდეა გულისხმობს ხელისუფლების შტოების გამიჯვნისა და ურთიერთშეკავება-ბალანსირების პრინციპს. მართალია, ლ. განვითარების ყველა ეტაპზე საზ. წესრიგისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობას აღიარებს, მაგრამ იკვეთება საფრთხე, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, მოისურვოს იმაზე მეტი უფლებების მითვისება, ვიდრე ეს მას ხალხმა მიანიჭა. შესაბამისად, აუცილებელია მისი შეზღუდვა და ჩარჩოებში მოქცევა კონსტიტუციონალიზმის პრინციპით.

XIX–XX სს. განმავლობაში ლ-ის პრინციპები მჭიდროდ შეერწყა დემოკრატიის პრინციპებს. თანამედროვე პერიოდის დასავლეთის პოლიტ. სისტემების უმრავლესობა სწორედ ლიბერალური, დემოკრატიული სახელმწიფოებია და ეფუძნება როგორც დემოკრატიის სახალხო მმართველობის, ისე ლ-ის შეზღუდული მმართველობის იდეებს.

1992, ცივი ომის დასრულებისა და კომუნისტური ბლოკის დაშლის შემდეგ ამერიკელმა მეცნიერმა ფ. ფუკუიამამ დაწერა ნაშრომი „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“, სადაც მან ივარაუდა, რომ კაცობრიობამ მიაღწია იდეოლოგიური ევოლუციის ბოლო საფეხურს, ხოლო ლიბერალურ დემოკრატიას, როგორც უნივერსალური მმართველობის ფორმას ალტერნატივა აღარ ექნებოდა, მოცემულ მოსაზრებას არა მარტო მრავალი კრიტიკოსი გამოუჩნდა, არამედ თავად ავტორის ხედვამ ისტორიის დასასრულის შესახებ ათეული წლების შემდეგ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა.

საქართველოში ლ-ის იდეები XIX ს. 60-იანი წლებიდან ვრცელდება. მოსკოვსა და პეტერბურგში სასწავლებლად წასული ქართვ. ახალგაზრდები ეზიარებოდნენ ევროპიდან რუსეთში შემოსულ და გავრცელებულ ლ-ის იდეებს, რ-ებსაც შემდეგ საქართველოში ავრცელებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ნ. ნიკოლაძისა და ზოგადად, „თერგდალეულების“ საქმიანობა. XIX ს. 60-იანი წლების ქართული ლ., ისევე როგორც ამავე პერიოდის ევროპული ლ., შეერწყა ნაციონალიზმის იდეებს და ინდივიდუალიზმის, თავისუფლების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის იდეები ინდივიდის დონიდან ნაციის დონემდე გააფართოვა. ლიბერალური ნაციონალიზმის მოცემულმა იდეებმა დიდი როლი შეასრულა XIX ს. საქართვ. ეროვნ. მოძრაობის ფორმირებასა და გავრცელებაში.

1921 ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიისა და საბჭოთა მმართველობის დამყარების შედეგად ლ-ის იდეების გავრცელება შეწყდა. მხოლოდ სსრ კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, XX ს. 90-იანი წლების დასაწყისიდან კვლავ იწყება ლიბერალური იდეების გავრცელება საქართველოში. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის გაცხადებულად ლიბერალური ღირებულებების მქონე პოლიტიკური პარტიები, მაგალითად: მემარჯვენე – ცენტრისტული რესპუბლიკური პარტია და მემარჯვენე ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, რ-თა პოზიციები თანხვედრაშია ლიბერალიზმის ისეთ ღირებულებებთან, როგორიცაა: თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, გადასახადების შემცირება, კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნა და ა. შ. XX ს-ის 90-იანი წლების ბოლოსთვის საქართველოში რამდენიმე ლიბერალური ღირებულებების მატარებელი პარტიაა, მაგალითად: ეროვნულ-დემოკრატიული კავშირი, საქართველოს დემოკრატიული ცენტრი, დემოკრატიული პარტია. პოლიტ. პარტიების გარდა, ლიბერალური ღირებულებების გავრცელების კუთხით უნდა გამოიყოს 1996 შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი“, რ-ის უმთავრესი მიზანი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა იყო. დღესდღეობით ქართულ პოლიტ. სპექტრში  ცალსახად ლიიბერალური ღირებულებების მატარებელი რამდენიმე პარტიაა. არც XX ს-ის 90-იან წლებში და არც თანამედროვე პერიოდში მოცემული ლიბერალური ყაიდის პარტიების რეიტინგი საქართველოს მოსახლეობაში არ ყოფილა მაღალი.

ლიტ.: ხუციშვილი თ., კალანდაძე ნ., ჯაფარიძე გ., ჯოხაძე გ., ხარებავა გ., ლიბერალიზმი და საქართველო, თბ., 2020; ჯავახიშვილი გ., ლიბერალიზმი საქართველოში, თბ., 2020; Fukuyama F., The end of history and the best man, Free Press, New York, 2002; Heywood E., Political ideologies: An introduction 6th ed., Red Globe Press, 2017; Lock I., The treasure of Government Cambridge University Press, 1988; Mill I., On Liberty, Dover Thrift Editions: Philosophy, Dover Publications, 200; Smith A., The Wealth of Nations edited by R. H. Campbell and A. S. Skinner, the Glasgow edition of the Works and Correspondence of Adam Smith, vol. 2a, p. 456.

ს. დუნდუა