„ლიბერთი ბანკი“ (სააქციო საზოგადოება), კომერციული ბანკი. დაარსდა 1988 „აგრომრეწვბანკის“ სახელწოდებით. ბანკების ნაციონალიზაციის შემდეგ, 1991 წ. 5 ნოემბრიდან, იგი საქართვ. სახელმწ. კომერც. სპეციალიზებული აგროსამრეწველო ბანკი გახდა, 1994-იდან სააქციო საზ-ბად ჩამოყალიბდა. 2002 გადაერქვა სახელი და ეწოდა „სახალხო ბანკი“, 2009-იდან კი – „ლ. ბ.“ ამავე წელს ბანკის აქციათა 91,2% შეიძინა კომპანია „ლიბერთი ინვესტმენტ ჰოლდინგ ბ. ვ-იმ“. 2017 აქციათა საკონტროლო პაკეტის (74,6%) მფლობელი გახდა ნიდერლანდების სამეფოში დაფუძნებული კომპანია „European Financial group B. V.“ (შემდგომში „Georgian Financial group B. V.“). 2021 ამ კომპანიის წილი 91,9% იყო.
2020 წ. 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის ძირითადი პირველადი კაპიტალი შეადგენდა 196,3 მლნ. ლარს, მთლიანი აქტივები – 2 982 მლნ. ლარს, ხოლო საკრედიტო პორტფელი – 1733,3 მლნ. ლარს.
„ლ. ბ.“ არის ერთადერთი უნივერსალური ბანკი, რ-იც ეწევა სახელმწიფოს სოციალურად მნიშვნელოვანი თანხების (საპენსიო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა დახმარებები) საბანკო მომსახურებას. ბანკი საქმიანობს მხოლოდ საქართველოში და აქვს ყველაზე დიდი საცალო ქსელი, რ-იც აერთიანებს 436-ზე მეტ ფილიალს და სერვისცენტრს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ლ. ბ.“ არის საფრანგეთ-საქართველოს ერთობლივი საპროცესინგო ცენტრის „ჯორჯიან ქარდისა“ (Georgian Card) და თბილ. ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის აქციონერი, 1997-იდან – საერთაშ. საანგარიშგებო სისტემა „სვიფტის“ (SWIFT) წევრი, ამავე წლიდან – „ვესტერნ იუნიონის“ (Western Union) აგენტი ბანკი, 1999-იდან კი – პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების სისტემის „იუროფეი ინტერნეიშენლის“ (EUROPAY International) ასოცირებული წევრი.