ლიეტუვა (ოფიციალური დასახელება – ლიეტუვის რესპუბლიკა Lietuvos Respublika), სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში. დას-ით ესაზღვრება ბალტიის ზღვა, ჩრდ-ით – ლატვია, აღმ-ით და სამხრ-ით – ბელარუსი, სამხრ-დას-ით – პოლონეთი, რუსეთის ფედერაცია. ფართ. 65,3 ათ. კმ 2, მოსახლეობა – 2 მლნ. 800 ათ. მცხ. (2020). სახელმწიფო ენა – ლიეტუვური, დედაქალაქი – ვილნიუსი. მორწმუნეთა უმრავლესობა – კათოლიკე ქრისტიანი. ლ. არის უნიტარული სახელმწიფო, საპარლამენტო რესპუბლიკა, შენგენის ზონის, 2004-იდან კი – ნატოსა და ევროკავშირის წევრი. საკანონმდებლო ორგანოა სეიმი (პარლამენტი), ფულის ერთეული – ევრო.
IX–XII სს-ში ლ-ის ტერიტ-ზე ფეხი მოიკიდა ფეოდ. ურთიერთობამ, ჩამოყალიბდა სახელმწიფოს ტიპის გაერთიანებები და დაიწყო ლიეტუველი ერის ფორმირების პროცესი. 1240 ჩამოყალიბდა ლ-ის ადრეფეოდალური სახელმწიფო – ლ-ის დიდი სამთავრო, რ-საც სათავეში ჩაუდგა მ. მინდაუგასი. XV ს-ში ლ. წარმოადგენდა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ვრცელ სახელმწიფოს, რ-ის შემადგენლობაშიც შედიოდა თანამედროვე ლ., ბელარუსი, უკრაინა და რუსეთის ფედერაციის დასავლეთის (სმოლენსკი, ვიაზმა) მნიშვნელოვანი ნაწილი. ლ-ის სამხრ. საზღვარი (ტერიტ. მდ-ებს დნეპრსა და დნესტრს შორის) შავი ზღვის ჩრდ. სანაპიროს აღწევდა.
1494 დასაწყისში ლ-ში ჩავიდნენ ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის (1478–1505) ელჩები, რ-ებსაც ანტიოსმალური კოალიციის შექმნის შესახებ წერილი მიჰქონდათ ესპანეთის მონარქთან. ამ წერილის საერთოქრისტიანული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი სრული ტექსტი შეტანილია „ლიეტუვის მეტრიკაში“. ლ-ის დიდ სამთავროსა და საქართვ. შორის არსებული სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობას ადასტურებს XV–XVI სს-ში ლ-ში მოჭრილი ვერცხლის მონეტების განძის აღმოჩენა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.
1569 ლუბლინის უნიით ლ. და პოლონეთი გაერთიანდა ერთ ფედერაციულ სახელმწიფოდ – რეჩ პოსპოლიტად, რ-საც საერთო მონარქები მართავდნენ.
XVIII ს. ბოლო მესამედში, რუსეთის, პრუსიისა და ავსტრიის იმპერიებმა ისარგებლეს რეჩ პოსპოლიტას დაკნინებით და მისი ტერიტორია დაინაწილეს (1772, 1793, 1795). ლ-ის დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა. I მსოფლიო ომის (1914–18) პერიოდში მისი ტერიტორია საბრძოლო მოქმედებების არენად იქცა. 1915 ლ-ის უდიდესი ნაწილი გერმანელთა ჯარმა დაიკავა. 300 ათასამდე ლიეტუველი იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა და რუსეთის იმპერიის სხვადასხვა გუბერნიაში, კავკასიასა და საქართველოში გადასახლებულიყო.
1917–18 კავკასიაში მოქმედებდა ლ-ის ეროვნ. საბჭო, რ-ის ხელმძღვანელობის შტაბიც თბილისში მდებარეობდა. იმხანად კავკასიაში 10 ათასამდე ლიეტუველი იმყოფებოდა. მათი ნაწილი აქ სამუშაოდ ჯერ კიდევ I მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩამოვიდა, მეორე ნაწილი იყო გადმოსახლებული ანდა ლტოლვილი, ხოლო მესამე და უმრავლესი ნაწილი – კავკასიის ფრონტზე მყოფი სამხედრო პირები. ამ უკანასკნელთა შორის გამოირჩეოდა ლ-ის ეროვნ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანი, პეტრას ვილეიშისი (პროფესიით ინჟინერი), რ-იც კავკასიელ ლიეტუველთა ლიდერი გახდა. 1917 აპრილში თბილისში (აგრეთვე კავკასიის სხვა ქალაქებში) ჩამოყალიბდა ლიეტუველთა ეროვნ. საბჭო, რ-საც ხელმძღვანელობდა პ. დაილიდე. იქვე შეიქმნა ლიეტუვური ენის შემსწავლელი წრე. კავკასიის ფრონტის ხაზის რღვევის შედეგად, ლიეტუველმა სამხედრო პირებმა, საბჭოს აქტიური საქმიანობის გამო, თავი სწორედ თბილისში მოიყარეს. ამან განაპირობა ლიეტუველების ყველაზე მრავალრიცხოვანი კოლონიის ჩამოაყალიბება. იმავე წლის 27-30 დეკემბერს თბილისში ჩატარდა კავკასიის ლიეტუველთა ყრილობა, რ-ის დელეგატები იყვნენ ლიეტუვური დიასპორის წარმომადგენლები ბათუმიდან, ყარსიდან, ტრაპიზონიდან და სხვ. აირჩიეს საბჭოს პრეზიდიუმი, პ. ვილეიშისის მეთაურობით. მოადგილეები იყვნენ პ. დაილიდე (რ-იც დარჩა თბილისის ლიეტუველთა ეროვნ. საბჭოს თავ-რედ) და პ. გუდელისი. მათი მიზანი იყო კავკასიელ ლიეტუველთა გაერთიანება და მათი სამშობლოში დაბრუნება. პ. ვილეიშისმა და პ. დაილიდემ მოიწვიეს ყრილობა და დააყენეს ლ-ის დამოუკიდებლობის საკითხი, თუმცა დელეგატთა ნაწილი თვლიდა რომ უმჯობესი იქნებოდა ავტონომიის მოთხოვნა დემოკრატიული რუსეთის ფარგლებში. ყრილობის გადაწყვეტილებით კავკასიის ლიეტუველთა ეროვნ. საბჭოს ევალებოდა ლიეტუველთა რეგისტრაცია, მათი პრობლემების გაცნობა და ლ-ში დაბრუნების ორგანიზება. ამ ფუნქციათა გამო იგი ფაქტობრივად წარმოადგენდა ლ-ის არაოფიციალურ საკონსულოს თბილისში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის (1918) შემდეგ, აუცილებელი გახდა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეთა, მ. შ. ლიეტუველთა იურიდიული სტატუსის განსაზღვრა. გადაწყდა, რომ ლიეტუველებისათვის მიეცათ პასპორტის შემცვლელი მოწმობა და ჰქონოდათ წარმომადგენლობაც.
1918 წ. 16 თებერვალს აღდგა ლ-ის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. იმავე წლის 2 ივნისს კავკასიის ლიეტუველთა ეროვნ. საბჭომ თხოვნით მიმართა ლ-ის სახელმწ. საბჭოს, რათა საქართველოში გაეხსნა წარმომადგენლობა. 23 ივლისს სამშობლოში ჩასულმა კავკასიელ ლიეტუველთა დელეგაციამ პ. დაილიდეს ხელმძღვანელობით სახელმწ. საბჭოს თავ-რეს ა. სმეტონას გადასცა საქართვ. მთავრობის წერილი, რ-შიც გამოთქმული იყო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების სურვილი. 1918 წ. 30 აგვისტოს თბილისში გაიხსნა ლ-ის დროებითი წარმომადგენლობა, რ-იც შემდეგ საკონსულოდ გარდაიქმნა, იგი მდებარეობდა. თბილისში, ამჟამინდელი კ. მარჯანიშვილის ქუჩის №45-ში. ლ-ის კონსულად დაინიშნა პ. დაილიდე, კონსულმა პ. დაილიდემ 1921 წ. 6 თებერვალს ოფიციალურად მიულოცა საქართვ. მთავრობას იურიდიულად აღიარება დას. ევროპის წამყვან სახელმწიფოთა მხრიდან. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, ლ-ის საკონსულომ მალევე შეწყვიტა საქმიანობა. 1940 ივნისში მოხდა ლ-ის ოკუპაცია სსრკ-ის მიერ, ქვეყანა სსრკ-ის შემადგენლობაში მოკავშირე რესპუბლიკის (ლიტვის სსრ) სტატუსით შეიყვანეს.
XX ს. 80–90-იანი წლების მიჯნაზე ლ-ისა და საქართვ. ეროვნ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. 1990 წ. 11 მარტს სეიმმა გამოაცხადა ლ-ის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. 1994 წ. 16 სექტემბერს ლ-მ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს. თავდაპირველად ლ-ს საქართველოში წარმოადგენდა ამ ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, ხოლო თბილისში საპატიო კონსული მუშაობდა. 1996 მაისში ვილნიუსში გაიხსნა საქართვ. გენ. საკონსულო. 2003-იდან ვილნიუსში გაიხსნა საქართვ. საელჩო, რ-იც 2007-მდე ბალტიის სამივე რესპუბლიკას ემსახურებოდა. ამჟამად იგი თავის ფუნქციას მხოლოდ ლ-ში ასრულებს.
ლ. პოლონეთთან, ლატვიასა და ესტონეთთან ერთად არის საქართვ. სტრატეგიული მოკავშირე და მისი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების აქტიური მხარდამჭერი.
XX ს. 90-იანი წლებიდან საქართველოსა და ლ-ში მოქმედებს კულტ-საგანმან. საზ-ბები: „RUTA“, (საქართველო), „იბერია“ და „რუსთაველი“, (ლიეტუვა). აქტიურად ხორციელდება ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობა. ამ მხრივ, ერთ-ერთი პრიოტეტულია სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობების მიმართულება. 2014 წ. 27 იანვარს ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონიმიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“.
საქართველოს და ლ-ს შორის ტრადიციულად მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება საპარლამენტო დონეზეც. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტში ფუნქციონირებს მეგობრობისა და თანამშრომლობის ჯგუფები, რ-თაც მჭიდრო ურთიერთობების ხანგრძლივი ტრადიცია აქვთ.
2018 წ. 3 მაისს ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რათა ოფიციალურად დამკვიდრდეს საქართველოს ავთენტურ დასახელებაზე დამყარებული სახელწოდება „Sakartvelo“. ამგვარად ლიეტუვა გახდა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რ-იც საქართველოს უწოდებს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელს, საპასუხოდ 2018 წ. 11 მაისს საქართველოს სახელმწ. ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ქართულ ენაში დამკვიდრებულიყო დასახელება „ლიეტუვა“ (Lietuva)
ლ-ში ქართული ენისა და კულტურის წარმოჩენის მიზნით 2014-იდან ვილნიუსის უნ-ტში ამოქმედდა ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსი. 2018–19 სასწავლო წლიდან ქართული ენა ჩართულია ვილნიუსის უნ-ტის ოფიციალურ სასწავლო პროგრამაში და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის იგი წარმოადგენს არჩევით საგანს შესაბამისი კრედიტით. 2018 კაუნასის ვ. მაგნუსის სახ. უნ-ტში გაიხსნა და ფუნქციონირებს შოთა რუსთაველის სახ. აუდიტორია.
თბილისში 2011 ლ-ის პრეზიდენტის ვ. ადამკუსის ვიზიტის ფარგლებში გაიხსნა „ვილნიუსის სკვერი“, სადაც 2019 დაიდგა საჩუქრად გადმოცემული ვილნიუსის სიმბოლოდ აღიარებული მფარველი ანგელოზის ქანდაკება; საპასუხოდ 2015 წ. 4 ნოემბერს საქართვ. პრემიერ-მინისტრის ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში გაიხსნა „თბილისის სკვერი“.
საქართველოსა და ლ-ს შორის არსებობს რეგიონთაშორისო თანამშრომლობა და ქალაქების დამეგობრობის მრავალწლიანი ტრადიცია. 2009-იდან დღემდე გაფორმდა რიგი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და დაძმობილდა ორივე ქვეყნის არაერთი ქალაქი და მუნიციპალიტეტი, მ. შ. დედაქალაქები – თბილისი და ვილნიუსი (2009 წ.).
ლიტ.: ჯავახიშვილი ნ., ლიტველთა ეროვნული საბჭო კავკასიაში, ლიტვის სახელმწიფოს წარმომადგენლობა და საკონსულო საქართველოში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018; Джавахишвили Н., Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений, Тб., 2019.
ნ. ჯავახიშვილი