ლივადი, სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის წალკის მუნიციპალიტეტში (ბარეთის თემი), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე. ზ. დ. 1690 მ. წალკიდან 16 კმ. 80 მცხ. (2014).
ლივანა, ლიგანი, ნიგალი, ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი ფეოდალური ხანის სამხრ. საქართველოში, მდ. ჭოროხის ქვემო წელში. წყაროებში პირველად იხსენიება XI ს-ში (ნიგალი). ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) მიხედვით, მოიცავდა მდ. ჭოროხის ხეობის იმიერ და ამიერ მხარეს ართვინის სანახებითურთ; შემდგომში ლ-დ მიაჩნდათ მდ-ების – აჭარისწყლისა და ჭოროხის შესაყართან მდებარე ტერიტორია. 1549 ლ. ოსმალებმა დაიკავეს. რუსეთ-ოსმ. (1877–78) ომის შემდეგ ისტ. სამხრ.-დას. საქართველო სხვა ტერიტორიებთან ერთად რუს. იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ამჟამად ლ-ის მხოლოდ მცირე ნაწილია საქართველოს ფარგლებში, დანარჩენი კვლავ თურქეთის საზღვრებშია.
ლიტ.: სიხარულიძე ი., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა (აჭარის ასსრ), წგ. 1, ბათ., 1958.
ი. სიხარულიძე