ლივშიცი ბენედიქტ კონსტანტინეს ძე

ლივშიცი ბენედიქტ კონსტანტინეს ძე [24. XII. 1886 (5. I. 1887), ოდესა, – 21. IX. 1938, ლენინგრადი], რუსი პოეტი და მთარგმნელი, ფუტურიზმის მკვლევარი. პირველი ლექსები 1910 გამოაქვეყნა. პოეტური კრებულები 1911, 1914, 1922, 1928 გამოსცა. მის პოეზიაში ფრანგ. სიმბოლიზმის გავლენას მოჰყვა ფუტურიზმით გატაცება. მოღვაწეობდა ვ. ხლებნიკოვთან, ვ. მაიაკოვსკისთან და სხვა პოეტებთან ერთად. ამ პერიოდის მისწრაფებანი გადმოსცა მოგონებათა წიგნში „თვალნახევრიანი მშვილდოსანი“ (1933). 1930-იდან თავისი შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირა საქართველოს. დაიწყო ქართ. ენის საფუძვლიანი შესწავლა, თარგმნა გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ. ლეონიძის, ნ. მიწიშვილის, კ. კალაძის ლექსები. საქართველოს მიუძღვნა ლექსების ციკლი „ქართველური საგალობლები“ (გამოქვეყნდა 1964).

გ. მარგველაშვილი