ლიზინგი (ინგლ. to lease – იჯარით, ქირით გაცემა), ქირავნობის მსგავსი ურთიერთობა, რომელიც უმეტესად ქონების გამოსყიდვით სრულდება. ლ-ის დროს სალიზინგო კომპანია შეისყიდის საწარმოო აქტივს (დანადგარს, მოწყობილობას, სამშენებლო ტექნიკას, ავტომობილს და უძრავ ნივთსაც კი), რ-საც ყოველთვიური საზღაურის გადახდის სანაცვლოდ გადასცემს ლ-ის მიმღებს მფლობელობაში სარგებლობის უფლებით. ლ-ის ვადის ბოლოს კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, აქტივი შეიძლება გადავიდეს ლ-ის მიმღების საკუთრებაში. ლ-ის ხელშეკრულება იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებების მსგავსია. თანამედროვე ლ-ის წარმოშობა უკავშირდება სატელეფონო კომპანია „ბელს“ (აშშ), რ-ის ადმინისტრაციამ 1877 გადაწყვიტა გაყიდვის ნაცვლად ტელეფონების იჯარით გაცემა. სალიზინგო ოპერაციების შესრულება და სალიზინგო კომპანიების დაფუძნება მსოფლიოში XX ს. II ნახ-იდან დაიწყო. პირველი მსხვილი სალიზინგო ოპერაციები განხორციელდა 1941–45, როდესაც აშშ-ის მთავრობამ II მსოფლიო ომში „ლენდ ლიზის კანონის“ (Lend-Lease Act) საფუძველზე, საომარი აღჭურვილობა გრძელვადიანი იჯარით გადასცა თავის მოკავშირე ქვეყნებს, მეტწილად – საბჭ. კავშირს.
სალიზინგო ურთიერთობის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი საერთაშ. აქტია 2008 წ. 13 ნოემბრის, კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშ. ინ-ტის (UNIDROIT) მოდელური კანონი ლ-ის შესახებ.
საქართველოში სალიზინგო ურთიერთობები რეგულირდებოდა 2002 წ. 7 მაისის საქართვ. კანონით „სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ“, რ-იც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2011 წ. 13 ოქტომბერს, საქართვ. სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შედეგად. ლ-ის ხელშეკრულების შინაარსი, სალიზინგო ურთიერთობის მხარეთა (ლ-ის გამცემი და მიმღები) უფლებები, მოვალეობები და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დღეისათვის განსაზღვრულია საქართვ. სამოქალაქო კოდექსის 576-ე და 5806-ე მუხლებით. სალიზინგო ურთიერთობის მარეგულირებელ დებულებებს ასევე შეიცავს საქართვ. საგადასახადო კოდექსი.
2001 დაარსდა სს „საქართველოს ბანკის“ შვილობილი საწარმო – შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“, რ-მაც პირველმა შესთავაზა კლიენტებს სალიზინგო მომსახურება. დღეისათვის სალიზინგო ბაზარს ინაწილებს შემდეგი საწარმოები: სს „თიბისი ლიზინგი“, შპს „ალიანს ჯგუფი საქართველო“, შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“, შპს „მოგო“, სს „ბბ ლიზინგი“.
აშშ-მა ლ-ით შეიარაღების მიწოდების ფორმა კიდევ ერთხელ გამოიყენა 2022 უკრაინის დასახმარებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
ი. უჯმაჯურიძე