ლითონსაჭრელი ჩარხი, მანქანა, რომელზეც ლითონის ნამზადს ამუშავებენ ლითონსაჭრელი იარაღით. ლითონის ჭრით დამუშვება უძველესი დროიდან არის ცნობილი. საქართველოში (თრიალეთში) არქეოლ. გათხრების შედეგად აღმოჩენილია ოქროსა და ვერცხლის ფიალები და თასები, რ-ებიც ძვ. წ. XV ს. მიეკუთვნება. მეცნიერთა აზრით, ისინი სახარატო ტიპის ბრუნვით ჩარხებზეა დამზადებული.
დანიშნულების მიხედვით ლ. ჩ. არის უნივერსალური – ფართო ნომენკლატურის ნამზადებზე სხვადასხვა ოპერაციის ჩასატარებლად; სპეციალიზებული – ერთნაირი ტიპის სხვადასხვა ზომის დეტალების დასამუშავებლად; სპეციალური – ერთნაირი ტიპისა და ზომის ნაკეთობათა დასამუშავებლად. მართვის მიხედვით ლ. ჩ. შეიძლება იყოს ხელით სამართავი, ნახევრად ავტომატური და რიცხვით-პროგრამული მართვის. ბოლო ათეულ წლებში მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა რიცხვით- პროგრამული მართვის ტიპის ლ. ჩ-ები, რაც ხელს უწყობს საწარმოო პროცესების სრულ ავტომატიზაციას.
საქართველოში თბილ. ჩარხსაშენებელმა ქ-ნამ გამოუშვა (1936) პირველი ჭანჭიკსაჭრელი ჩარხი. შემდეგ წლებში ჩარხმშენებლობის გაერთიანებამ დაიწყო თანამედროვე ტიპის სახარატო ხრახნსაჭრელი, სპეც. მილდასამუშავებელი, აგრეთვე მაღალი სიზუსტის სახეხი ჩარხების და სხვ. გამოშვება, რ-ებიც იგზავნებოდა მრავალ ქვეყანაში. სპი-ში (ახლანდ. სტუ) მანქანათმშენებლობის ტექნოლ. კათედრაზე შექმნეს ახ. მხურვალმედეგი და სპეც. ფოლადების დასამუშავებელი უნიკალური და უცენტრო ჩარხები, როტორული სარანდი და სხვა ჩარხების პრინციპული სქემები და კონსტრუქციები. ამავე ინ-ტის ლ. ჩ-ების კათედრაზე დაამუშავეს ჩარხების კინემატიკური გაანგარიშების კონტაქტური სიხისტის საკითხები.
საქართველოში ჩარხმშენებლობის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით მეცნიერებს: გ. გოცირიძეს, თ. ლოლაძეს, გ. ჩიხლაძეს, ვ. ცოცხაძეს; კონსტრუქტორებს: თ. შენგელიას, პ. აბესაძეს, ლ. კულიკოვს, გ. ბენდუქიძეს და სხვ.
ლიტ.: Reimund Neugebauer (Hrsg.): Werkzeugmaschinen: Aufbau, Funktion und Anwendung von spanenden und abtragenden Werkzeugmaschinen, B., 2012.
თ. ნამიჩეიშვილი