ლიის არქეოლოგიური ძეგლები

ლიის არქეოლოგიური ძეგლები, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი სოფ. ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) სამხრ.-დას. ნაწილში, დიდა ქირსის ბორცვზე და მის ძირში, ე. წ. ჯოღორიას წყურგილესა და ოყაჭეზე. გათხარეს 1964–65 (ხელმძღვ. რ. აბრამიშვილი) და 1967–70 (ხელმძღვ. ა. აფაქიძე, გ. გრიგოლია). დიდა ქირსა გორანამოსახლარია, რ-ის ჩრდ.-დას. ფერდობზე გამოვლენილია გვიანდ. ბრინჯაოს, ადრინდ. რკინის, ადრინდ. ანტ., ელინისტური, რომაული და ადრინდ. შუა საუკუნეების კულტ. ფენები. ბორცვის ჩრდ.-დას. ფერდობზე გათხარეს რომაული ხანის (I–II სს.) 10-მდე ორმოსამარხი. მათში აღმოჩნდა კერამიკული ნაწარმი, რკინის იარაღ-საჭურველი, სამკაული, I–II სს. რომაული ვერცხლის მონეტები (ერთ-ერთი – იულიუს კეისრის გამოსახულებით) და სხვ. აქვე აღმოჩნდა ადრინდ. ფეოდ. ხანის თიხის ნავისებრი სარკოფაგი. ადრინდ. და შუა ფეოდ. ხანაში დიდა ქირსის ბორცვი ციხედ უქცევიათ, ქვის კედლით შემოუზღუდავთ და 2 საბრძოლო კოშკით გაუმაგრებიათ. ციხის შუა ნაწილში გათხარეს ადრინდ. შუა საუკუნეების მრგვალაფსიდიანი ტაძრის ნანგრევები, რ-საც კირხსნარით შელესილი აგურის იატაკი აქვს. როგორც ჩანს, ტაძარი ღვთისმშობლის სახელზე იყო აგებული (აქედან უნდა მომდინარეობდეს სახელწოდებაც „დიდა ქირსა“). ტაძრის გარშემო ქრისტ. წესით დაკრძალულთა ორმოსამარხები იყო. ჯოღორიას წყურგილეზე ნაპოვნია გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ბრტყელი ცული. იქვე აღმოჩენილ II ს. ორმოსამარხში იყო ვერცხლის სამკაული, კესარიული მონეტა, მინის სასმისი და სხვ. ჯოღორიას წყურგილესა და ოყაჭეზე დადასტურებულია მძლავრი მეტალ. კერები. ამ ადგილებში აღმოჩენილია ღუმლის ფრაგმენტები, საბერველის კერამ. მილები, რკინის წიდები და ნახშირი. საბერველის მილების უმრავლესობას ხელოსნის დამღა აზის.

ლიტ.: გრიგოლია გ., ენგურის არქეოლოგიური ექსპედიციის საველე მუშაობის წინასწარი შედეგები, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1971, № 3.

გ. გრიგოლია