ლიკანის სასახლე

ლიკანის სასახლე. არქიტექტორი ლ. ბენუა. 1892-95.

ლიკანის სასახლე, რომანოვების სასახლე, დიდი მთავრის, ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვის (1859–1919) საზაფხულო რეზიდენცია ყოფ. სოფ. ლიკანში (შეუერთდა ბორჯომს). აშენდა 1892–95 არქიტექტორ ლ. ბენუას (1859–1928) პროექტით (მშენებელი – თბილისელი არქიტ. ლ. ბილფელდი). ასიმეტრიული გეგმით აგებული სასახლე საგანგებოდ მოწყობილ ტერასაზეა განთავსებული. ერთმანეთისაგან განსხვავებული ფასადების მორთულობა იმდროინდელი არქიტექტურის ტენდენციებს ასახავს. სასახლის ირგვლივ მოეწყო ვრცელი პარკი ორანჟერეით. 1898 სასახლის გასანათებლად აშენდა ჰიდროელექტროსადგური, რ-იც პირველი იყო რუსეთის იმპერიაში.

ლ-ის სასახლეში დაცულია უნიკალური ისტ. ექსპონატები, მ. შ. ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის ნაჩუქარი სავარძელი, რუსეთის იმპ. პეტრე I-ის ხელით კაკლის ხისაგან დამზადებული მაგიდა; რომანოვების დროინდელი ბილიარდი. საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ ლ-ის სასახლე სახელმწ. საკუთრებაში გადავიდა. წლების განმავლობაში მან შეიცვალა ფუნქცია. სასახლეში, რ-იც წარმოადგენს ლიკანის ძირითად ღირსშესანიშნაობას, ბოლო ხანს მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

თ. გერსამია