ლიკანის ღვთისმშობლის ეკლესია

ლიკანის ღვთისმშობლის ეკლესია. IX ს. II ნახევარი 

ლიკანის ღვთისმშობლის ეკლესია, მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომიდან 7 კმ-ზე, მდ. ახოებისწყლის ხეობაში. სავარაუდოდ, თარიღდება IX ს. II ნახ-ით. როგორც ჩანს, ადრე აქ მონასტერი ყოფილა, რაზეც მეტყველებს სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული განახლება-გადაკეთებათა სიმრავლე და ეკლესიის მიმდებარე ტერიტ-ზე არსებულ ნაგებობათა ნაშთები. შენობის გეგმა სტრუქტურული გადაწყვეტით ქრონოლოგიურად განსხვავებული, ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: საშუალო ზომის სამეკლესიიანი ბაზილიკისა და მასზე დას-იდან მიდგმული ორსართულიანი სამრეკლოსგან, რ-ის პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებს. ეკლესიის გეგმა გვერდიგვერდ განლაგებული და ერთმანეთთან კარით დაკავშირებული სამი სადგომისაგან შედგება. შუა სადგომი დანარჩენ ორზე რამდენადმე უფრო მაღალი და ფართოა. ჩრდ. სადგომის აღმ. ბოლოში გამოყოფილია აფსიდიანი სამკვეთლო. იგი მთავარ ეკლესიასთან დაკავშირებულია კარით, რ-იც მთავარი ეკლესიის ჩრდ. კედლის აღმ. ნაწილშია. სამრეკლოს ჩრდ-იდან ეკვრის მცირე სადგომი, დას-იდან კი სამრეკლოს მეორე სართულზე ასასვლელი ქვის კიბე.

ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. თითქმის მთლიანად არის დანგრეული მთავარი ეკლესიის სამხრ. კედელი და სამხრ. სადგომი, დანგრეულია აღმ. კედლის მნიშვნელოვანი ნაწილიც. გარედან ჩრდ. ეკლესიის ჩრდ. ფასადი მიწითაა დაფარული.

შენობა ნაგებია მოზრდილი ზომის ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვით კირის დუღაბზე. წყობა დაბალ პროფ. დონეზეა შესრულებული. წყობაში რიგების სწორხაზოვნება დაცული არ არის. წყობაში ზოგან ლოდებიც კი არის ჩართული – ჩამოთლილი წინა პირით. შიგნით კარ-სარკმელთა თაღებსა და კონსტრუქციულ9 ელემენტებში გამოყენებულია დამუშავებული, მოყვითალო ფერის ფოროვანი ქვა.

მთავარი ეკლესიის ინტერიერის გაფორმების დამახასიათებელი ელემენტებია მძლავრი ორსაფეხურიანი პილასტრები და მათ გერდებზე განლაგებული კედლის ყრუ თაღები.

სამრეკლოს ქვედა ნაწილს შესასვლელი სამხრ-იდან და დას-იდან აქვს. მესამე კარი ჩრდ. კედელშია, რ-იც ჩრდ-იდან მიშენებულ სადგომში გადის. სამრეკლოს მეორე სართული სუფთად დამუშავებული მოყვითალო ფერის ქვითაა ნაგები. სიმაღლეში იგი გაყოფილია ორ ნაწილად. მათგან ქვედა მრგვალია და ყრუ კედლითაა შემოფარგლული. ზედა ნაწილი, როგორც ეს შემორჩენილი ნაწილებიდან ირკვევა, წახნაგოვანი ყოფილა და თაღებით გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენდა. გარედან ქვედა ნაწილი დასრულებულია პროფილირებული (თარო და შეწყვილებული ლილვი) ლავგარდნით. მათ შორის ლილვები სადაა, ხოლო თარო დამშვენებულია ერთმანეთთან დაკავშირებული ნახევარწრეებით შედგენილი ზოლით, რ-შიც ზოგ ადგილას სხვა სახეებიც არის ჩართული. ფანჩატურს შესასვლელი დას-იდან აქვს. მის წინ მცირე ბაქანია. შესასვლელის გვერდით (ჩრდ-ით), ზედა ნაწილის თაღების საყრდენ ბოძზე, მოთავსებულია ასომთავრულით შესრულებული ვრცელი წარწერა, რ-შიც მოხსენიებული არიან სამრეკლოს აღმშენებლები – ადგილ. ფეოდალი ქიშვარდ ავალიშვილი და მისი მეუღლე თამარი. სამრეკლოს ბოძების მთელ სიმაღლეზე გამოყვანილი იყო ლილვები. ლილვების ქვემოთ ერთმანეთზე გადაბმული, ამობურცულზედაპირიანი წრიული ელემენტებისგან შედგენილი ზოლია, მის ქვემოთ კი ორ რიგად განლაგებული ქართ. ხალხ. ავეჯის ორნამენტის სახეებია გამოყვანილი.

არქიტ. ნიშნებით ეკლესია თვალნათლივ ადასტურებს ბორჯომის ხეობის ამ პერიოდის ნაგებობებთან (ნეძვი, ფოთოლეთი, ჩითახევი, გუჯრისხევი) ქრონოლოგიურ სიახლოვეს, სამშენებლო ტექნიკაც ტიპურია, ოღონდ წყობა, სხვა ნაგებობებისგან განსხვავებით, რამდენადმე უხეშია.

ლიტ.: აბულაძე ვ., ბორჯომის ხეობის წარსული და აწმყო, თბ., 1983; ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება, თბ., 1955; ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან (ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი), თბ., 1985; გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თ., 2014; მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა, თბ., 1957, გვ. 37–38; Хоштария Д. Э., Архитектурные памятники IX–X вв. в Боржомском ущелье. Автореферат кандидатской диссертации, Тб., 1987.

 თ. დვალი