„ლილო მოლი“ (შპს), ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო-კომერციული ცენტრი სამხრეთ კავკასიაში როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობის სფეროში. დაფუძნდა 1991 თბილ. აღმ. ნაწილში, ლილოს დასახლებაში „ელსავაკოს“ სახელწოდებით. 2011-იდან ეწოდა „ლ. მ.“ ამჟამად მას ეკუთვნის 35 ჰა-ზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი 6 ათასამდე სავაჭრო ობიექტით და 4 ათასამდე დასაქმებული მეწარმით. კომპანია საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ფართობს გასცემს იჯარით. 2015 ამოქმედდა საბაჟო-სასაწყობო ტერმინალი, რ-იც აკმაყოფილებს ტვირთის მიღების, განბაჟების, დასაწყობებისა და სხვა პროცედურათა განხორციელების სტანდარტებს. „ლ. მ.“, ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო, ჩამოყალიბდა როგორც სავაჭრო ჰაბი, სადაც ქართველებთან ერთად თურქი, აზერბაიჯანელი, სომეხი და სხვა ეროვნების მცირე მეწარმეები საქართვ. მეზობელი ქვეყნებიდან ახდენენ ძირითადად საყოფაცხოვრებო, ასევე სამშ.-სარემონტო და სხვა დანიშნულების ფართო ასორტიმენტის პროდუქციის რეალიზაციას, რ-იც მიეწოდება არა მხოლოდ საქართვ. რეგიონებს, არამედ სამხრ. კავკასიის ქვეყნებს. პროდუქციის მრავალფეროვანმა არჩევანმა, ხელმისაწვდომმა ფასებმა და როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობის შესაძლებლობამ განაპირობა კომერციული ცენტრის წარმატება. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში არსებული ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავლებში „ლ. მ-ის“ წილი მეხუთედზე მეტია (22%).
ორგანიზაცია ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.
ლ. აბრამიშვილი