ლინოგრავიურა

ჯ. ლოლუა. ილუსტრაცია ნოდარ დუმბაძის წიგნისათვის „მე ვხედავ მზეს“. 1967. ლინოგრავიურა.

ლინოგრავიურა [ლინო(ლეუმი) და გრავიურა], ამობურცული გრავიურა ლინოლეუმზე ან მსგავს მასალაზე; ჰგავს ქსილოგრაფიას. წარმოიშვა XX ს. დასაწყისში. იყენებენ როგორც შავ-თეთრს, ასევე ფერად ლ-ს. XX ს. შუა წლებში ლ-ის რამდენიმე სკოლა შეიქმნა. ლ. განსაკუთრებით განვითარდა ლათ. ამერიკაში, კერძოდ, მექსიკაში, „ხალხური გრაფიკის სახელოსნოს“ გრავიორთა შემოქმედებაში (ლ. მენდესი, ა. ბელტრანი და სხვ.), ბრაზილიაში – „გრავიურის მეგობართა კლუბის“ ოსტატთა ხელოვნებაში (კ. სკლიარი, რ. კაცი, ვ. პრადუ და სხვ.), არგენტინაში (ა. ვიგო და ნ. ონოფრიო), ჩილეში (კ. ერმოსილია ალვარესი). ლ-ს მიმართავდნენ: ა. მატისი და პ. პიკასო (საფრანგეთი), ფ. მაზერელი (ბელგია), ე. პაკარდი და ბ. რენდოლი (აშშ), პ. ნილსენი (დანია), ი. სოკოლოვი, ვ. ფავორსკი (რუსეთი); საქართველოში – რ. თარხან-მოურავი, ჯ. ლოლუა, დ. ნოდია, გ. ღლონტი და სხვ.